სიახლეები & მედია

ქართული ღვინის ჩინეთში ექსპორტთან დაკავშირებით „საპარტნიორო ფონდში“ ოფიციალური შეხვედრები გაიმართა

თარიღი: 27 ივლ 2017

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის შანსის პროვინციის ქალაქ სიანის კომპანიის „ Baima Wine City Industrial Co Ltd"-ის წარმომადგენლებს შეხვდა. 


„საპარტნიორო ფონდში" გამართულ შეხვედრაზე ჩინური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიანგ კუოხუამ და საბჭოს თავმჯდომარემ ლიანგ კუოციანგმა მზადყოფნა გამოთქვეს, ფონდთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობაში. მათი განცხადებით, კომპანია დაინტერესებულია ქართული ღვინით და ჩინეთის ბაზარზე მისი დამკვიდრებისთვის დიდ პოტენციალს ხედავს. კომპანიის წარმომადგენლებმა კახეთის რეგიონში რამდენიმე ღვინის ქარხანა მოინახულეს და ღვინის სხვადასხვა სახეობა დააგემოვნეს. „Baima Wine City Industrial Co Ltd"-ის წარმომადგენლები უკვე ერთი კვირაა ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში და„საპარტნიორო ფონდთან" აქტიურ შეხვედრებს მართავენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, მათი ვიზიტის მთავარი მიზანია, ადგილზე გაეცნონ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას და, აგრეთვე, ღვინის დაყენების უნიკალურ ქართულ ტექნოლოგიას.   

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების ძირითადი პუნქტები შეათანხმეს. ხელშეკრულებას ოფიციალურად ხელი სექტემბრის დასაწყისში მოეწერება და ღვინის პირველი პარტიაც ჩინეთში, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიგზავნება.  

სს. „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს პირველად 2016 წლის „აბრეშუმის გზის" საერთაშორისო ბიზნეს სამიტზე შეხვდა. სამიტის ფარგლებში მან თავისუფალი საბაჟო ზონა და „Baima Wine City Industrial Co Ltd"-ის საკუთრებაში არსებული ლოჯისტიკური ცენტრი დაათვალიერა. ქართული ღვინის მსოფლიო აღიარებისა და ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის დაანონსების გათვალისწინებით, ჩინურმა კომპანიამ პირველად სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში გამოთქვა „საპარტნიორო ფონდთან" ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის პროექტში თანამშრომლობის სურვილი.      

„Baima Wine City Industrial Co Ltd"-ის შესახებ: 

„Baima Wine City Industrial Co Ltd" თავისუფალ საბაჟო ზონაში (თავისუფალი სავაჭრო ზონა) მდებარეობს და ფლობს ლოჯისტიკურ ცენტრს, ღვინის საგამოფენო დარბაზსა და მაღაზიას, აგრეთვე, უმაღლესი სტანდარტების ალკოჰოლური სასმელების საწყობებს. უკვე 5 წელია, რაც ჩინეთში სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების იმპორტს ახორციელებეს და ამ მხრივ, განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ჩილეს, ავსტრალიის, ესპანეთის, გერმანიის და იტალიის ღვინოები შეაქვს ჩინურ ბაზარზე, ცნობილ ფრანგულ ბრენდებთან ერთად.აღსანიშნავია, რომ „Baima Wine City Industrial Co Ltd"  პროვინციაში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების მოცულობით, პირველ სამეულში შედის. 

უკან დაბრუნება