სიახლეები & მედია

გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი წარმომადგენლობა გაიხსნა

თარიღი: 15 სექ 2017

ძიანგსის პროვინციის ქალაქ გუანჭოუში „საპარტნიორო ფონდისა" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი წარმომადგენლობა გაიხსნა, საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა საქართველოს დელეგაციის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიებას ჩინეთის მმართველი პარტიისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„საპარტნიორო ფონდისა" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი წარმომადგენლობა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ჩინეთ- საქართველოს შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ასევე, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებს.

„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩვენი ერთობლივი წარმომადგენლობის გახსნის საჭიროება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა დიდი ინტერესი აქვთ ჩინელ ინვესტორებს საქართველოს მიმართ. ერთობლივი ცენტრი გაორმაგებული ენერგიით იმუშავებს საქართველოში ინვესტიციებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების მოსაზიდად," - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„ოფისში, რომელიც გავხსენით იმუშავებს როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ასევე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლობები. ცენტრის ფუნქციონირების მიზანია არამხოლოდ პალატის წევრ, არამედ სხვა ქართულ კომპანიებსაც ხელი შევუწყოთ ექსპორტის განხორციელებაში, ჩინეთში ბიზნეს-პარტნიორების მოძიებასა და სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების გამყარებაში," - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

„საპარტნიორო ფონდისა" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიალზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი გაფორმდა, რომელსაც ხელი „საპარტნიორო ფონდის", საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და „ევრაზიის სავაჭრო კომერციული თანამშრომლობის ცენტრის" ხელმძღვანელებმა მოაწერეს. სამმხრივი შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას მოიცავს.

„საპარტნიორო ფონდისა" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი წარმომადგენლობა „ევრაზიის სავაჭრო-კომერციული თანამშრომლობის ცენტრის" შენობაში განთავსდა. ერთობლივი წარმომადგენლობა ფუნქციონირებას გახსნის დღიდან იწყებს. ცენტრში ჩინეთის უმსხვილეს კომპანია Ehang Innovation Technology Co. Ltd- თან გაიმართა მოლაპარაკება. კომპანიას საქართველოში მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური პროდუქციის წარმოება და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით მრავალმილიონიან ბაზარზე გასვლის სურვილი აქვს. ერთობლივი ოფისის დირექტორი საპარტნიორო ფონდის მხრიდან თამარ ნამორაძე იქნება. საკუთარ წარმომადგენელს სავაჭრო-სამრეწველო პალატა რამდენიმე დღეში წარადგენს.

„საპარტნიორო ფონდისა" და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიას ჩინეთში საქმიანი ვიზიტით მყოფი საქართველოს და შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის (PABSEC) დელეგაციის წევრები დაესწრნენ, რომელსაც „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს.

ოფიციალური დელეგაციის წევრები ჩინეთის ბიზნეს-წრეებისა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან შეხვედრებს განაგრძობენ. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტისა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები, ასევე, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე შედიან.

უკან დაბრუნება