სიახლეები & მედია

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი მიიღო.

თარიღი: 02 ოქტ 2017

ფონდში გამართულ შეხვედრას საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი ვაზილ ჰუდაკი საქართველოში პირველი ვიზიტის შემდეგ ფონდს ფართო წარმომადგენლობით და კონკრეტული წინადადებებით ესტუმრა. შეხვედრაზე მხარეებმა ფონდის მიმდინარე პროექტებში შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

ფონდში გამათულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტურისტული სექტორის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრეს. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაში ინვესტირებით ინტერესდება. „საპარტნიორო ფონდის" წარმომადგენლებმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის კონკრეტული ამოცანები დასახეს და ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პროექტ "ჯინო გრინ სითიში" ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობის საკითხს. პროექტი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკო ქალაქის მშენებლობასა და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის, მათ შორის სასტუმროს, დასასვენებელი კომპლექსის, სკოლის, საბავშვო ბაღის, სამედიცინო ცენტრისა და სხვადასხვა რეკრეაციული ზონის განთავსებას გულისხმობს. ფონდში გამართულ შეხვედრას „ჯინო გრინ სითის" დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე და Gino Invest- ის პარტნიორი კომპანიის Ramboll group company წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფონდში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დელეგაცია საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ივლისში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში („საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა"), ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოსთან სამ ფინანსურ შეთანხმებას მოაწერა ხელი: 
• ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში 250 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფა;
• ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსება;
• ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების ფინანსურ შეთანხმებები. 

2017 წელს 10 წელი სრულდება, რაც EIB-მა თავისი საქმიანობა საქართველოში დაიწყო. სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი EIB-ში ხელმძღვანელ თანამდებობაზე 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა. 

ევროპის საინვესტიციო ბანკის შეღავათიანი ფინანსური რესურსით საჯარო სექტორში დაფინანსებულია დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს ღირებულების საინვესტიციო პროექტები, ხოლო კერძო სექტორში მიმდინარე პროექტებისთვის ბანკს გამოყოფილი აქვს 209 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

უკან დაბრუნება