სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა სოფლის მეურნეობის დარგში მასშტაბური პროექტი განახორციელა

თარიღი: 30 მაი 2013

საპარტნიორო ფონდმა ქართულ საბანკო სექტორთან და კერძო ინვესტორთან თანამშრომლობის შედეგად სოფლის მეურნეობის დარგში პირველი მასშტაბური პროექტი დაასრულა, რომელიც თავისი შინაარსით უნიკალურია და სახელმწიფოს, საბანკო სექტორის და მეწარმეთა თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს.
კომპანია „გეო აგროს" შვილობილი კომპანიის, შპს „კალანდას" მიერ წარმოდგენილი პროექტის განხორციელება 2011 წლის ბოლოს დაიწყო და მისმა სრულმა საინვესტიციო ღირებულებამ 10 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საკუთრივ კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2012 წლის ივნისში. პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს საპარტნიორო ფონდმა, „საქართველოს ბანკმა" და კერძო ინვესტორებმა.
მეღორეობის ფერმის საწარმოო კომპლექსის პროექტირება და ტექნოლოგიური აღჭურვილობის მოწოდება განხორციელდა გერმანული კომპანიის ,,Big Dutchman”-ის მიერ, რომელიც ერთ- ერთი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე თანამედროვე ტიპის მეცხოველეობის კომპლექსების პროექტირებასა და მათ მაღალტექნოლოგიოურ უზრუნველყოფაში. გენეტიკა მოწოდებულია ბრიტანული კომპანია ACMC –ის მიერ, რომელიც ასევე ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე მაღალპროდუქტიული, სწრაფად მზარდი და მაღალი ჯანმრთელობის სტატუსის მქონე სანაშენე ღორების წარმოებაში. კომპანია „კალანდას" მეღორეობის ფერმა განლაგებულია თეთრიწყაროს რაიონის სოფ. კოდას მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის საწარმოო ფართობი შეადგენს 13 ჰა-ს.
მეღორეობის ფერმის საწარმოო კომპლექსის პირველი ეტაპის სიმძლავრე შეადგენს 16000 ერთეულ დასაკლავ ღორს წელიწადში, 110 კგ ცოცხალ წონაზე. კომპლექსის მოიცავს: 7 საწარმოო შენობას, ითვალისწინებს კომბინირებული საკვების ქარხნის მოწყობას და სასაკლაოს მშენებლობას.
წარმოების მართვას მინიმუმ პირველი საწარმოო წლის პერიოდში განახორციელებს კომპანია ,,Big Dutchman”-ი. დედაღორების განაყოფიერების პროგრამა დაწყებულია და პირველ მაღალხარისხოვან პროდუქციას „კალანდა "ბაზარს შესთავაზებს მიმდინარე წლის დეკემბერში, კვირაში 300 ღორის წარმადობით. 2014 წელს, სრულ საწარმოო ციკლზე გადასვლის შემდგომ, ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ ფონდის მონაწილეობით სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული ეს პროექტი უნიკალურია თავისი შინაარსით, რამდენადაც სახელმწიფოს, საბანკო სექტორის და მეწარმეთა თანამშრომლობის პირველ წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს.
„მოხარული ვარ, რომ ყველანი ერთად ვხედავთ იმ შედეგს, რასაც კერძო ბიზნესის, სახელმწიფოს და საბანკო სექტორის კარგად გათვლილი და თანმიმდევრულად განხორციელებული ერთობლივი ძალისხმევა იძლევა. საკუთრივ ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი ამოცანაა ქართული ბაზრისთვის მაღალტექნოლოგიური სრული ციკლის შედეგად წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შეთავაზება. დარწმუნებული ვარ, „კალანდას" ღორის ხორცი ბაზარზე გამოჩენისთანავე დაიმსახურებს მომხმარებლის ყურადღებას.საპარტნიორო ფონდის მიზანია კერძო ინვესტიციების მხარდაჭერა და ფინანსური ინვესტირების განხორციელება იქ, სადაც სახელმწიფოს გააჩნია პრიორიტეტები. ერთ–ერთი ასეთი პრიორიტეტული მიმართულება კი სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებაა. ფონდში, სოფლის მეურნეობის კუთხით, ამ ეტაპზეც განხილვის სტადიაშია რამდენიმე მასშტაბური პროექტი, რომელთა ფონდის მხრიდან საინვესტიციო მხარდაჭერის თაობაზეც საზოგადოებას მალე ვაცნობებთ" – განაცხადა მედიასთან საუბრისას ირაკლი კოვზანაძემ.

უკან დაბრუნება