სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის დირექტორს შეხვდა

თარიღი: 07 თებ 2014

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის დირექტორი რომან მატკივსკი, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ სტუმარს გააცნო ფონდის სტრუქტურა და პრიორიტეტული სექტორები. „ფონდი საქართველოს მთავრობამ 2 წლის წინ დაარსა და მისი მიზანია ერთის მხრივ ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას და მეორეს მხრივ, მართოს სახელმწიფო სტრატეგიული აქტივები," განაცხადა კოვზანაძემ და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკულ პროექტებზე. „უკვე დავიწყეთ 230 მეგავატი სიმძლავრის გარდაბნის შერეული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც უპრეცედენტო მასშტაბისაა და იგი 50%–ით უფრო ენერგოეფექტური იქნება ქვეყანაში არსებულ სხვა თბოელექტროსადგურებთან შედარებით. სადგური ექსპოლოატაციაში შევა 2015 წლის ბოლოდან და წელიწადში გამოიმუშავებს 1.8 მილიარდ კილოვატსაათს," აღნიშნა კოვზანაძემ. მატკივსკიმ აღნიშნა, რომ მისი ბანკი დაინტერესებულია საქართველოთი და სამუშაო ვიზიტის მიზანიც სწორედ ადგილზე ბიზნეს გარემოს შესწავლაა. მან საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს გააცნო ის ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც მისი ბანკი ახორციელებს თურქეთში, უკრაინასა და ბულგარეთში. „ვფიქრობ, ენერგეტიკულმა პროექტებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ თქვენი ქვეყნის განვითარებაში. რადგან თქვენ ძალიან კარგი მდებარეობა გაქვთ, გვერდით გყავთ თურქეთი, სადაც დღითიდღე იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე და ამდენად, ჰიდრო პროექტების განხორციელება დამატებით შემოსავალს მოგიტანთ," აღნიშნა მატკივსკიმ.

უკან დაბრუნება