სიახლეები & მედია

„სენდვიჩ პანელების“ საწარმო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოინახულა

თარიღი: 17 ოქტ 2014

საპარტნიორო ფონდის პროექტი – ე.წ. „სენდვიჩ პანელების" საწარმოს სამშენებლო სამუშაოები ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ირაკლი კოვზანაძესთან ერთად დაათვალიერა. საწარმო ქ. რუსთავის გზატკეცილზე შენდება და იტალიური საწარმოს ხაზისა და კორეული კომპანიის დანადგარებით აღიჭურვება.ირაკლი კოვზანაძემ მინისტრს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საწარმოს ასაშენებლად სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „ეს პროექტი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პროექტად მიმაჩნია, რადგან მთლიანად ქართული ინვესტიციაა. საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქცია გააიაფებს ინდუსტრიულ მშენებლობას და 90% -ით ჩაანაცვლებს იმპორტს," განაცხადა კოვზანაძემ. პროდუქცია გამოიყენება ინდუსტრიული დანიშნულების შენობების მშენებლობისას და არის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაზე იაფი, ხოლო მისი დამონტაჟება ნაკლებ დროს მოითხოვს და სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით მოცულობაში ნაკლებია. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროდუქცია სერიოზულ კონკურენციას გაუწევს იმპორტირებულს. "უახლოეს პერიოდში, საქართველოში ძალიან სერიოზული საწარმოო სიმძლავრეების შექმნა მოხდება და ეს მასალა სწორედ გამოიყენება დროის ძალიან მცირე მონაკვეთშისაწარმოო ფართობების მშენებლობისთვის. არსებობს ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ იმ სექტორებში სადაც ეკონომიკური აქტივობა დაბალია, და რა სექტორებსაც სახელმწიფო პრიორიტეტულად მიიჩნევს ასე ვთქვათ წამახალისებელი ინვესტიციები გააკეთოს არსებულმა საპარტნიორო ფონდმა," განაცხადა კვირიკაშვილმა.პროექტის განხორციელების მიზნით, საპარტნიორო ფონდმა ადგილობრივ კომპანია შპს ICES-თან ერთობლივად დააფუძნა კომპანია „პანექსი." „პანექსი" პირველ პროდუქციას მომდევნო წლის დასაწყისიდან გამოუშვებს. პროდუქციის ნაწილი საქართველოში გაიყიდება, ხოლო ნაწილი გავა ექსპორტზე. საწარმოო ხაზის დაგეგმილი სიმძლავრე იქნება 2.8 მლნ მ2 პანელი წელიწადში. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა $ 6 მლნ აშშ დოლარია. ფონდი შპს „პანექსში" კაპიტალის 49%-ს ფლობს.

უკან დაბრუნება