სიახლეები & მედია

ნენსკრა ჰესის სამშენებლო ტენდერში მონაწილე კომპანიები ანაკლიაში შეიკრიბნენ

თარიღი: 08 მაი 2015

ნენსკრა ჰესის პროექტის სამშენებლო ტენდერში მონაწილე 5 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებმა სვანეთში ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორია მოინახულეს. პრეტენდენტთა შორის არიან მსოფლიოში ცნობილი იტალიური, კორეული და თურქული კომპანიები. საიტის მონახულების შემდეგ კომპანიების წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდისა და პროექტის ინვესტორ კორეულ კომპანია K Water-თან ერთად სამუშაო შეხვედრაზე ანაკლიაში შეიკრიბნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პროექტის მიერ დაქირავებული ქართული და უცხოური საინჟინრო კომპანიები, მათ შორის STUKY, FICHTNER, რომლებმაც ჰესის სამშენებლო პროექტი მოამზადეს და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია SLR, რომელიც ქართულ საკონსულტაციო კომპანია „გამასთან" ერთად გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე მუშაობს. სამშენებლო ტენდერში მონაწილე კომპანიები ერთი თვის განმავლობაში წარმოადგენენ შესაბამის წინადადებას, რომლის საფუძველზე K Water-ი საპარტნიორო ფონდთან ერთად გამარჯვებულს დაასახელებს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია კი მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს ივლისში დაიწყებს. „საერთაშორისო ტენდერში მონაწილე გიგანტი კომპანიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ნენსკრაჰესის სამშენებლო ტერიტორია. ერთი თვის განმავლობაში უკვე გამოცხადდება გამარჯვებული, რაც დადასტურდება ხელშეკრულებით. ივლისის თვეში კი დაიწყება სამშენებლო სამობილიზაციო პროცესი" განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, გარემოზე დაცვის კუთხით მომუშავე საერთაშორისო კონსულტანტებს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვთ გარემოს დაცვის მიმართულებით და ფონდი აპირებს ყველა ის საერთაშორისო პირობა შეასრულოს, რაც სავალდებულოა იმისათვის, რომ ეს უზარმაზარი ჰიდროსადგური ყველა სტანდარტის დაცვით აშენდეს სვანეთში. ტენდერში მონაწილე კომპანიები საპარტნიორო ფონდმა K Water, Fichtner, Allen@Overy, IFC, BNP Paribas-თან ერთად შეარჩია. თითოეულ მათგანს ჰიდროელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ. პროექტის ინვესტორია სამხრეთ კორეული კომპანია K Water, რომელიც საპარტნიორო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ. აშშ. დოლარია. პროექტი 2021 წელს დასრულდება. თუმცა ივარაუდება, რომ სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.


უკან დაბრუნება