სიახლეები & მედია

ნენსკრა ჰესს იტალიური კომპანია SALINI IMPREGILO ააშენებს

თარიღი: 20 ივლ 2015

ნენსკრა ჰესის ინვესტორმა კორეულმა „ქეი ვოთერმა" (K Water) ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაასახელა. სვანეთში ნენსკრას 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს ცნობილი იტალიური კომპანია „სალინი-იმპრეჯილო" (Salini Impregilo) ააშენებს. გადაწყვეტილება სამშენებლო ტენდერში მონაწილე საერთაშორისო კომპანიებიდან „სალინი იმპრეჯილოს" (Salini Impregilo) არჩევის თაობაზე „ქეი ვოთერმა" (K Water) საპარტნიორო ფონდსა და საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით სეულში სამუშაო შეხვედრაზე მიიღო. „ქეი ვოთერსა" (K Water) და „სალინი-იმპრეჯილოს" (Salini Impregilo) შორის ხელშეკრულება ნენსკრა ჰესის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შესახებ" კი თბილისში, საპარტნიორო ფონდის ოფისში გაფორმდა. 
„სალინი-იმპრეჯილოს" (Salini Impregilo) პორტფელში შედის 240-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. ცნობილ იტალიურ კომპანიას ჰიდროელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია და უკვე მრავალი წლის განმავლობაში კომპანია ითვლება მსოფლიო ლიდერად ჰიდროენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაში. 
ტენდერში გამარჯვებული კომპანია მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს ზაფხულის ბოლოს დაიწყებს. ნენსკრა ჰესის მშენებლობაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში პრეტენდენტთა შორის იყვნენ მსოფლიოში ცნობილი ევროპული, კორეული და თურქული კომპანიები, რომლებიც ინვესტორმა „ქეი ვოთერმა" (K Water) საერთაშორისო კონსულტანტების, Fichtner, Allen&Overy, IFC, BNP Paribas-ის მონაწილეობით შეარჩია. პროექტის ინვესტორია სამხრეთ კორეული კომპანია K Water, რომელიც საპარტნიორო ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. ცნობილია, რომ ნენსკრა ჰესის განხორციელების პროცესში EBRD ჩაერთო და ბანკი მზადაა ჰესის მშენებლობის დაფინანსებაში მიიღოს მონაწილეობა. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ.აშშ დოლარი. 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. პროექტი 2021 წელს დასრულდება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.
„სალინი იმპრეჯილო" (Salini Impregilo) წარმოადგენს ინდუსტრიულ ჯგუფს, რომელიც ახორციელებს მსხვილ და მრავალმხრივ პროექტებს ჰიდროელექტროსადგურებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროში. „სალინი იმპრეჯილო" (Salini Impregilo) მუშაობს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ჰყავს 34 400 თანამშრომელი, მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 4,2 მილიარდ ევროს, ხოლო გარიგებების მოცულობა 32,4 მილიარდს. კომპანია წარმოადგენს მსოფლიო მოთამაშეს სამშენებლო სექტორში და წამყვან მსოფლიოს ინფრასტრუქტურულ გიგანტს ჰიდროენერგეტიკულ სეგმენტში. კომპანია კონკურენციას უწევს მსოფლიო ლიდერებს მოცემულ სფეროში. ჯგუფის საქმიანობას გამოარჩევს განსაკუთრებული დამოკიდებულება სამშენებლო საქმის მიმართ, რასაც მოწმობს უმსხვილესი საერთაშორისო პროექტები. კაშხლები და ჰიდრო-ელექტრო სადგურები, ჰიდრავლიკური ობიექტები, რკინიგზა და მეტრო, აეროპორტები და გზატკეცილები, სამოქალაქო და სამრეწველო ნაგებობები - ეს ის სექტორებია სადაც ჯგუფი უკვე 100 წელიწადზე მეტია მოღვაწეობს. „სალინი-იმპრეჯილოს" პორტფელში შედის 240-მდე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, აგრეთვე ჯამურად 1350 კმ მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარება, 6730 კმ რკინიგზის, 375 მ მეტროს სისტემების, 36500 კმ გზების და 330 კმ ხიდების გაყვანა და მშენებლობა. ჯგუფის ხელმძღვანელობა და მთლიანად მისი პერსონალი მუშაობს გარემოს დაცვის, ეთიკისა და პროფესიონალიზმის ისეთი პრინციპებით, რომლებიც შეესაბამება კორპორაციული მმართველობისა და მოქალაქეობის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
სამხრეთ კორეული სახელმწიფოს წყლის რესურსების კორპორაცია K Water ფლობს 20 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების ჯამურ აქტივებს და მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 2 მლრდ აშშ დოლარს. კორეის გარდა კორპორაცია პროექტებს ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებში ევროპის და აზიის მასშტაბით.

 

 

უკან დაბრუნება