სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდი ნენსკრა ჰესის მშენებლობას იწყებს

თარიღი: 31 აგვ 2015

საპარტნიორო ფონდმა, კორეულ კომპანია K-Water-მა, საქართველოს მთავრობამ, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა" (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" ხელი მოაწერეს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს. პაკეტი აერთიანებს პროექტის საიმპელემტაციო ხელშეკრულებას, ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებას და პროექტთან დაკავშირებულ სხვა თანადართულ ხელშეკრულებებს. ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, ეკონომიკური და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტზე ხელმოწერა გულისხმობს, რომ პროექტის დასაწყებად ყველა ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული დეტალები შეთანხმებულია და სამშენებლო კომპანია უახლოეს დღეებში ჰესის მშენებლობის სამობილიზაციო სამუშაოებს დაიწყებს. „ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე აშენდება," განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმ ბანკი." პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). მშენებლობას უმსხვილესი იტალიური კომპანია - Salini Impregilo ახორციელებს.

უკან დაბრუნება