სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა ნენსკრას მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

თარიღი: 16 სექ 2015

 

საპარტნიორო ფონდმა კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. იტალიური კომპანია Salini Impregilo ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე წინამოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს. წინამოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს სამშენებლო მოედანთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას და სამშენებლო ტექნიკის მობილიზაციას. რაც შეეხება ძირითადი სამუშაოების დაწყებას, იგი დაგეგმილია2016 წლიდან,თუმცამშენებლობისნებართვაგაიცემა2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე.  მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, მთავრობის წევრებმა, კორეის რესპუბლიკის და იტალიის ელჩებმა და K Water-ისა და Salini Impregilo-ს ხელმძღვანელმა პირებმა.  როგორც პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, სადგურზე გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის პერიოდში იმპორტს ჩაანაცვლებს და განამტკიცებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა პროექტში მონაწილე ყველა ჩართულ მხარეს, განსაკუთრებით აღნიშნა საპარტნიორო ფონდის გუნდის წვლილი. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. ეს იყო ხანგრძლივი, რთული მოლაპარაკების პერიოდი, რომელიც წარმატებით დასრულდა. „1 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელებაში სხვა ფაქტორებთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სადგური 35 წელში უსასყიდლოდ და ყოველგვარი პირობის გარეშე გადაეცემა სახელმწიფოს," განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. K-Water-ის პრეზიდენტმა გაევონ ჩოიმ, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა კორეიდან აღნიშნა, რომ მისი კომპანია ძალისხმევას არ დაიშურებს პროექტის წარმატებისთვის. „ველოდები, რომ ამ პროექტის განხორციელებით ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს და განავითარებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს," განაცხადა გაევონ ჩოიმ. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია - Salini Impregilo განახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია. საბანკო სესხის კომპონენტში მონაწილეობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB) და კორეის „ექსიმ ბანკი." პროექტში ფონდის მრჩეველია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC).


უკან დაბრუნება