სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა

თარიღი: 22 იან 2014

ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, ებრაული „Globegateway"-ს პრეზიდენტი ოდედ კაპიტოლნიკი და საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრი „მაშავის" დირექტორი გიორგი ჟღენტი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრა სამუშაო ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა 12-13 მარტს საქართველო-ისრაელის ინოვაციური ფორუმის გამართვის შესაძლებლობებს. „ჩვენთვის საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მესმის, რომ ეკონომიკის განვითარების რაღაც ეტაპზე ყველა ქვეყნისთვის და მათ შორის თქვენთვისაც მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა, თუმცა ისრაელის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ასევე მნიშვნელოვანია ექსპორტის გაზრდა. გირჩევთ, აუცილებლად იმუშაოთ ამ მიმართულებითაც," აღნიშნა ისრაელის ელჩმა შეხვედრაზე. საუბარი ასევე შეეხო ისრაელ-საქართველოს ინოვაციურ ფორუმის გამართვის ტექნიკურ დეტალებს, რომელიც 12-13 მარტს თბილისში მეორედ უნდა ჩატარდეს. მხარეებმა იმსჯელეს ფორუმის მნიშვნელობასა და თემატურ სექტორებზე. „ჩვენ შარშანაც მოვაწყეთ მსგავსი ღონისძება და გვსურს წელსაც გავმართოთ, უფრო ფართო რაკურსით და ცნობილი ებრაული ბრენდები დავაინტერესოთ თქვენი ქვეყნით," განაცხადა „Globegateway"-ს პრეზიდენტმა ოდედ კაპიტოლნიკმა. ირაკლი კოვზანაძემ, ხაზი გაუსვა ისრაელთან ურთიერთობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „საპარტნიორო ფონდი მზადაა ფორუმში მიიღოს მონაწილეობა." ამასთან, კოვზანაძემ ებრაელ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ფონდისთვის პრიორიტეტული სექტორების შესახებ, რომელ სფეროებშიც ფონდის საინვესტიციო საქმიანობას ეწევა. ეს არის სოფლის მეურნეობა, წარმოება, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა. ებრაულმა მხარემ განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა სოფლის მეურნეობის, სამედიცინო, ტრადიციული ინდუსტრიული სექტორების მიმართ. „Globegateway" არის წამყვანი გლობალური ებრაული კომპანია, რომელიც ხელს უწყობს და ორგანიზებას უკეთებს საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებებს მთელს მსოფლიოში.

უკან დაბრუნება