სიახლეები & მედია

Elbit Systems და Elbit Cyclone საპარტნიორო ფონდში

თარიღი: 02 ნოე 2015

ისრაელის კომპანია Elbit Systems-ისა და Elbit Cyclone-ის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს საპარტნიორო ფონდში. საპარტნიორო ფონდმა მიმდინარე წლის სექტემბერი ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად საფუძველი ჩაუყარა სამოქალაქო თვითმფინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას. დელეგაციის წევრებმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირქეტორს და ფონდის ხელმძღვანელობას პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს. დავით საგანელიძემ სტუმრებს დაუდასტურა ფონდის მხარდაჭერა პროექტის განხორციელების პროცესში და Elbit Systems-სა და Elbit Cyclone-თან სხვა პარტნიორული ურთიერთობებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. Elbit Systems-ის წარმომადგენელმა მარკურ როზენტალმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ისრაელში სამუშაო ვიზიტით და ანალოგიური ქარხნის დასათვალიერებლად მიიწვია. მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქალაქო თვითმფინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. ქარხანაში დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. ქარხანა Elbit Cyclone-ის დახმარებით მოიპოვებს ავიაციის კონკურენტულ ბაზარზე გასვლისთვის საჭირო ყველა აუცილებელ სერტიფიკატს. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. 85 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაასაქმებს 300 ადგილობრივს, რომელთა გადამზადება მოხდება ისრაელიდან მოწვეული წამყვანი სპეციალისტების მიერ. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. სამშენებლო სამუშაოებს აფინანსებს Royal Development-ი, რომლის კუთვნილ მიწაზე ხორციელდება ქარხნის მშენებლობა, ხოლო ქარხანას ოპერირებას უწევს საპარტნიორო ფონდის და Elbit Cyclone-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC).


 

უკან დაბრუნება