სიახლეები & მედია

დავით საგანელიძის შეხვედრა გერმანიის განვითარების ბანკში

თარიღი: 18 დეკ 2015

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. ქალაქ ფრანკფურტში დავით საგანელიძემ შეხვდრები გამართა გერმანიის აღმშენებლობის საკრედიტო ინსტიტუტთან - KFW-სთან და ფრანკფურტის საფინანსო აკადემიის წარმომადგენლებთან. ოფიციალურ შეხვედრებს ქართული მხრიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრებში მონაწილეობა საპარტნიორო ფონდის მრჩეველათა საბჭოს წევრებმა: თამარ ბერუჩაშვილმა, მერაბ კაკულიამ და მირიან გოგიაშვილმა მიიღეს. ქართული დელეგაციის შეხვედრა KFW დირექტორთან როლანდ სილლერთან და ბანკის მენეჯმენტთან შედგა. დავით საგანელიძემ მადლობა გადაუხადა KFW-ს საპარტნიორო ფონდის ბაზაზე საქართველოს განვითარების კორპორაციის ჩამოყალიბების პროცესში ტექნიკური დახმარებისათვის. ქართულმა მხარემ წარმოადგინა თავისი ხედვა განვითარების ახალი ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი პრინციპების, სტრატეგიული მიზნების, მმართველობითი სტრუქტურისა და ფინანსირების ინსტრუმენტების შესახებ. გერმანულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს განვითარების კორპორაციისთვის შემდგომი ტექნიკური და შესაძლო ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე. დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის წევრები გერმანიაში დაწვრილებით გაეცნენ მსოფლიოს უმსხვილესი განვითარების ბანკის - KFW-ს საკანონდებლო ბაზას და საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; კერძოდ, დაკრედიტების მოდელს, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების თავისებურებებს. განხილეს ასევე, KFW-ს მიერ კაპიტალში მონაწილეობის სქემა და ინოვაციური პროექტებისა და სტარტაპების დაფინანსების გამოცდილება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო KFW-ს საქმიანობას ეკონომიკური კვლევებისა და მათ საფუძველზე სამოქმედო სტრატეგიის შემუშავების სფეროში. განიხილეს რისკებისა და აქტივების მართვის საკითხებიც. ვიზიტის ფარგლებშიი შეხვედრა შედგა ფრანკფურტის საფინანსო აკადემიის წარმომადგენლებთან. KFW-ს თხოვნით აკადემია უშუალოდ არის ჩართული საქართველოს განვითარების კორპორაციის კანონპროექტის შემუშავებაში. ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეათანხმეს კანონპროექტის ძირითად დებულებები. უახლოეს მომავალში დოკუმენტი განსახილველად წარედგინება მთავრობას და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს.

უკან დაბრუნება