სიახლეები & მედია

ირაკლი კოვზანაძემ ელჩებს ფონდის საქმიანობა გააცნო

თარიღი: 03 სექ 2013

საპარტნიორო ფონდის აღასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის მონაწილე ელჩებს წარუდგინა მიმდინარე საინვესტიციო პროექტები და მათ ფონდის ძირითადი მიმართულებები და მანდატი გააცნო. საუბარი შეეხო საკითხს, თუ პოტენციურად რა მიმართულებით შეიძლება ქართველმა ელჩებმა იმუშაონ, რომ საქართველოში ინვესტიციების მოცულობა გაიზარდოს. „საქართველო საჭიროებს უფრო მეტ ინვესტიციას. საპარტნიორო ფონდის უმთავრესი ამოცანაა შევავსოთ ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილური კაპიტალის დეფიციტი და ასევე გავიყოთ რისკი ინვესტორთან"–აღნიშნა კოვზანაძემ ელჩებთან საუბრისას. ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ საპარტნიორო ფონდის შესაძლებლობები, როცა სახელმწიფო, პრაქტიკულად, ერთგვარი გარანტის როლში გამოდის და თანაბარწილად იყოფს რისკს ინვესტორთან, ელჩებისთვის კარგი საწყისი პოზიციაა კაპიტალდაბანდების პოტენციურად მოსურნე ბიზნესებისთვის შეთავაზებების გაკეთებისას. „თქვენი მოღვაწეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თქვენ ფლობთ უნიკალურ პირად კონტაქტებს, ცხადია, კარგად იცნობთ იმ ქვეყნების სპეციფიკას, რომელთაც თქვენი საქმიანობით ფარავთ, ფლობთ ფასდდაუდებელ ეკონომიკურ ინფორმაციას. ყველა ეს რესურსი მაქსიმალურადაა ჩასართავი, როცა საქმე საქართველოთი ახალი ინვესტორების დაინტერესებას ეხება. ისიც ხაზგასასმელია, რომ საპარტნიორო ფონდი ერთადერთი ფონდია საქართველოში, რომელიც ინვესტორს კაპიტალს აწვდის. ეს მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა ნებისმიერი ინვესტორისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროექტის განვითარების შემდეგ საპარტნიორო ფონდის ამოცანა პროექტიდან გასვლა და ინვესტორისთვის ადეკვატური პარტნიორის შერჩევაში ხელშეწყობაა" – აღნიშნა კოვზანაძემ ელჩებთან შეხვედრისას.

უკან დაბრუნება