სიახლეები & მედია

დავით საგანელიძის ვიზიტი თურქეთში დასრულდა

თარიღი: 26 თებ 2016

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობს, თურქეთის წამყვან ინვესტორ კომპანიებს შეხვდა. სტამბოლში საქართველოს დელეგაციამ ტურიზმის სექტორში მოღვაწე თურქული კომპანიების ხელმძღვანელებს საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი გააცნეს და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს. კომპანიების ნაწილი საქართველოში უკვე საქმიანობს. გარდა ტურიზმისა, თურქი ინვესტორები საქართველოში კაპიტალდაბანდებას უძრავ ქონებასა და სხვა სექტორებში გეგმავენ. საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრებზე თურქული კომპანიების წარმომადგენლებთან ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიისა და უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გამართეს. საუბარი შეეხო კონკრეტულად, საქართველოში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების საკითხს და ამ მხრივ ქვეყნის კონკურენტულ შესაძლებლობებს. საქართველოს დელეგაციის წევრებმა თურქ ინვესტორებს კონკრეტული საინვესტიციო პროექტები წარუდგინეს, რომელიც წყალტუბოსა და გონიოს საკურორტო ზონების განვითარებას ეხება. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თურქ ბიზნესმენებს გააჩნიათ ინტერესი და სურვილი განახორციელონ ინვესტიცია საქართველოს ტურიზმის სექტორში. „ჩვენ თურქეთის უმსხვილეს კომპანიებს შევთავაზეთ კონკრეტული საინვესტიციო წინადადებები. სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში სტამბოლის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დროს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა და შედეგებს მალე დავინახავთ. თურქული კომპანიები კონკრეტული საინვესტიციო წინადადებების განსახილველად საქართველოს ეწვევიან",- აღნიშნა დავით საგანელიძემ. სამთავრობო დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი თურქეთში დასრულდა.

უკან დაბრუნება