სიახლეები & მედია

დავით საგანელიძე ჰონგ კონგის უნვერსიტეტში აბრეშუმის გზის ფორუმზე მოხსენებით წარსდგა

თარიღი: 21 მარ 2016

საპარტნიორო ფონდის დელეგაციის საქმიანი შეხვედრები ჰონგ კონგში გრძელდება. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჰონგ კონგის უნივერსიტეტში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმზე მთავარ მომხსენებლად წარსდგა. კონფერენცია, რომელსაც ჰონგ კონგის მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ საქართველოს და საპარტნიორო ფონდის საქმიანობას მიეძღვნა. დავით საგანელიძემ ჰონგ კონგის აბრეშუმის გზის ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებსა და პოტენციალზე საუბრისას აქცენტი გააკეთა საქართველოს სტრატეგიულ და მომგებიან გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური გუნდის სამომავლო გეგმებსა და სტრატეგიაზე, რომელიც ეკონომიკის განვითარებაზე და ინვესტიციების მოზიდვაზეა ორიენტირებული. ფორუმის ფარგლებში ფონდის ფინანსური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ციმაკურიძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და პირობები გააცნო. საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკის, საინვესტიციო პოტენციალისა და შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო ახალი აბრეშუმის გზის პროექტში საქართველოს მნიშვნელოვან როლსაც. საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ჩერქეზიშვილმა და უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა ნინო ჩოლოყაშვილმა ფორუმზე საპარტნიორო ფონდის მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს და პოტენციურ ინვესტორებს ფონდის პროექტების განხორციელების სტრატეგია წარუდგინეს. ფორუმზე სიტყვით წარსდგნენ საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებული ჩინური კომპანიები. გარდა ამისა, აღსანიშნავია უნივერსიტეტის პროფესორის თომას ჩანის გამოსვლა, რომელიც შეეხებოდა აბრეშუმის გზის, „ერთი გზა-ერთი სარტყელის" პროექტის განვითარებას და ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ჩართულობას.  კონფერენცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის დავით აფციაურის დასკვნითი მოხსენებით დასრულდა. საქართველოს ელჩი საპარტნიორო ფონდის დელეგაციის  ყველა შეხვედრას დაესწრება. საპარტნიორი ფონდის დელეგაცია ჰონგ კონგის შემდეგ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქმიან შეხვედრებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში განაგრძობს. დაგეგმილია ოფიციალური შეხვედრები ძიანსის პროვინციაში. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია წარმოდგენილი იქნება ბოაოს საერთშორისო აზიურ ფორუმზე, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

უკან დაბრუნება