სიახლეები & მედია

„საპარტნიორო ფონდს“ და „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 06 აპრ 2016

„საპარტნიორო ფონდსა" და „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობის ზოგად პრინციპებზე, მათ შორის საქართველოში ერთობლივ პროექტების განხორციელების შესაძლებლობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის" დელეგაცია, რომელსაც პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი ხელმძღვანელობს სამდღიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში და მთავრობის წარმომადგენლებს ხვდება. ვიზიტის მიზანია აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს, როგორც „აბრეშუმის გზის" უძველესი ქვეყნის, აქტიური ჩართვა რეგიონულ პროექტებში. „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა" სერიოზული ორგანიზაციაა აღმოსავლეთ აზიაში. იგი რამოდენიმე ათეულ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ვისთვისაც საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა „აბრეშუმის გზის" პროექტის წარმატების საწინდარია," ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. საგანელიძის განცხადებით, საქართველო „აბრეშუმის გზის" პროექტში ჩართვით დაიბრუნებს თავის ისტორიულ როლს და ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი გახდება. „პროექტის განხორციელება ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, განავითაროს ინფრასტრუქტურა და ქვეყანა ჩაერთოს საერთაშორისო კომერციულ პროექტებში," აღნიშნა დავით საგანელიძემ. „საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატა" შეიქმნა ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში 2015 წელს. მასში 36 ქვეყნის უმსხვილესი კომპანიებია გაერთიანებული.

უკან დაბრუნება