სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის განცხადება ყოფილი სამთავრობო რეზიდენციისა და რომანოვების სასახლის გადმოცემასთან დაკავშირებით

თარიღი: 08 აპრ 2016

ბორჯომ-ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია განვითარებისთვის და სამართავად საპარტნიორო ფონდს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 25 წლიანი მართვის უფლებით გადმოსცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საპარტნიორო ფონდს დაევალა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად განახორციელოს რომანოვების სასახლის რესტავრაცია/რეაბილიტაცია და განვითარება. რესტავრაცია/კონსერვაციის პროექტის მომზადებაში ჩართულნი იქნებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე შესაბამისი დარგის სპეციალისტები. რესტავრაციის შემდეგ დაცული იქნება ობიექტის ძეგლის სტატუსი. საპარტნიორო ფონდმა უნდა განახორციელოს სხვადასხვა სახის სამუშაოები, მათ შორის რომანოვების სასახლის შენობაში მუზეუმის მოწყობა, მუზეუმში განთავსებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ნივთების რესტავრაცია/კონსერვაცია, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებში სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ასევე შემუშავდება მიმდებარე ტერიტორიის 7 ჰექტარი პარკის განვითარების გეგმა. პროექტის განხორციელების პროცესი იქნება ღია და გამჭვირვალე, რადგან გაცნობიერებული გვაქვს ძეგლის კულტურული ღირებულება, მისი ისტორიული მნიშვნელობა და მის მიმართ ფართო საზოგადოების ინტერესი. რაც შეეხება საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის მოთხოვნას, რომანოვების სასახლე სამართავად გადაეცეს ეროვნულ მუზეუმს, ეს საკითხი საპარტნიორო ფონდის კომპეტენციას სცილდება. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე მზად არის ბორჯომ–ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლესთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დარგის სპეციალისტებთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან განიხილოს. 7 აპრილს, საყდრისის დაცვის საზოგადოებრივმა კომიტეტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა მთავრობის მიერ ბორჯომ–ლიკანის ტერიტორიაზე მდებარე რომანოვების სასახლის ფონდისთვის გადაცემასთან დაკავშირებით და საპარტნიორო ფონდს ყველა იმ დოკუმენტის გასაჯაროვება მოსთხოვა, რის საფუძველზეც განხორციელდა სასახლის ფონდის მმართველობაში გადაცემა.

უკან დაბრუნება