სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდის დელეგაციის შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია UNWTO-ში

თარიღი: 13 აპრ 2016

საპარტნიორო ფონდის ოფიციალურმა დელეგაციამ ესპანეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში (UNWTO) გამართა შეხვედრა, რომელზეც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. UNWTO-ის წევრი ქვეყნების ურთიერთობის აღმასრულებელ მდივანმა კარლოს ვოგლერმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ჩერქეზიშვილს ორგანიზაციის მთავარ ოფისში უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის რეგიონალური პროგრამის კოორდინატორი ბექა ჯაყელი და ასოცირებული წევრების პროგრამის წარმომადგენელი დიმიტრი ილინი. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ამ სფეროში საპარტნიორო ფონდის სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარტნიორო ფონდის მიერ ტურიზმის სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში დაგეგმილი „ღვინის ტურიზმის მსოფლიო კონფერენციის" შესახებ გაამახვილეს ყურადღება, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს მოიცავს. საუბარი შეეხო ასევე, 2017 წელს დაგეგმილ „ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მესამე კონფერენციაში" ჩართულობის საკითხს.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქათველოს, როგორც ტურისტული ბრენდის ჩამოყალიბების პერსპექტივას, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გაზრდის გაუმჯობის საკითხს. UNWTO-ი წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს განვითარებაში უწყობს ხელს და მთელი მსოფლიოს მაშტაბით ტურიზმის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში შეაქვს წვლილი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ასევე კომპანია IFEMA-ს საერთაშორისო განვითარების დირექტორთან სანტიაგო ქუიროგასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის გაუმჯობესებისა და ქვეყნის რეგიონალური ტურიზმის ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივას. მხარეებმა საქართველოში საერთშორისო კონფერენციებისა და საგამოფენო ღონისძიებებისთვის ქვეყნის პოტენციალის გამოყენების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმის განვითარების მნიშვნელობასაც. დეტალურად იყო განხილული რაჭის და წყალტუბოს განვითარების კონცეფციები, რომელიც ფონდის დაკვეთით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებმა მოამზადეს.კომპანია IFEMA-ი საპარტნიორო თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესახებ საკუთარ წინადადებებს ერთი თვის განმავლობაში წარუდგენს. ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში საპარტნიორო ფონდის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.


 

უკან დაბრუნება