სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდს ესპანური კომპანია DERAZA IBERICO-ს დელეგაცია ეწვია

თარიღი: 05 მაი 2016

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჰამონის მწარმოებელი, ცნობილი ესპანური კომპანია DERAZA IBERICO-ს ოფიციალური დელეგაცია მიიღო. კომპანია DERAZA IBERICO ესპანეთში იბერიკოს ჯიშის ღორების ფერმებს ფლობს და ხორცპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ესპანური კომპანია საქართველოში კახური ღორის ჯიშებით და საერთაშორისო ბაზრებზე მათი კომერციალიზაციით არის დაინტერესებული. DERAZA IBERICO-ს დელეგაციას კომპანიის დამფუძნებელი რეხინო დიაზ დელ რიოსა ხელმძღვანელობს. კომპანიის წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდს კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით ესტუმრნენ. რეხინო დიაზ დელ რიოსა ქართული ღორის ჯიშების მოძიებას და ხორცპროდუქტების წარმოებაში ინვესტირებას გეგმავს.საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრას საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანია DERAZA IBERICO-ს მიერ საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებს. ესპანური კომპანიის DERAZA IBERICO-ს დელეგაციის წევრები ქვეყნის რეგიონებში ვიზიტს, ფერმერებთან შეხვედრებსა და მეცნიერული კვლევის მიზნით ცნობილი ქართული ჯიშის ღორების შესყიდვას გეგმავენ. საქართველოში DERAZA IBERICO-ს დელეგაციის ვიზიტი საპარტნიორო ფონდის მიერ ესპანეთში გამართული საქმიანი შეხვედრების დროს დაიგეგმა, რომელიც 13-18 აპრილს შედგა. ესპნური კომპანია DERAZA IBERICO-ს დამფუძნებელს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი ესპანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ. ფონდის წარმომადგენლებმა ცნობილი ესპანური ჰამონის მწარმოებელი კომპანია DERAZA IBERICO მოინახულეს და საწარმოო პროცესი დაათვალიერეს.


უკან დაბრუნება