სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდს და ჩინურ კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

თარიღი: 11 მაი 2016

საპარტნიორო ფონდს,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს და Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd, ჩინურ კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ჩინეთის მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  მემორანდუმის თანახმად, საქართველოში შეიქმნება ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, ჩაის წარმადობისა და ხარისხის ამაღლებას, რეგიონებში დასაქმებას, ჩაის დარგვისა და მოვლის უნარების კულტურის ამაღლებას და საქართველოში ჩაის მრეწველობის ინდუსტრიალიზაციის გაუმჯობესებას. „საქართველოსა და ჩინეთს ჩაის წარმოების, მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ასწლიანი ისტორია აკავშირებთ. ჩვენს ქვეყანას ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობები გაააჩნია და რაც მთავარია, ასევე აზიის და ევროპის ბაზრებზე დამკვიდრების კარგი შესაძლებლობა აქვს," განაცხადა ხელმოწერის ცერემონიაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. პროექტის მიზანია საქართველოში ჩაის მრეწველობის აღდგენა, შავი ზღვის სხვადასხვა რეგიონებში ჩაის მოყვანა, ჩაის გადამუშავების ტექნოლოგიის დახვეწა, ჩაის კულტურის და ჩაის ტურიზმის განვითარება. „ეს პროექტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ჩაის მრეწველობის დარგში და „ახალი აბრეშუმის გზის" სტრატეგიის განხორციელებაში," აღნიშნა დავით საგანელიძემ. ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და მოიცავს: ჩაის პლანტაციის გაშენებას, მის გადამუშავებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას.  

Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd

ჩინეთის მსხვილი კომპანიაა, რომელიც ძირითადად სპეციალიზირებულია სოფლის მეურნეობის განვითარებასა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზებაში. კომპანიას ანგჰუისა და სიჩუანში ჩაის წარმოების ინდუსტრიული ბაზა და სოფლის მეურნეობის განვითარების საწარმოები აქვს.

Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd

ჩინური მრავალპროფილიანი კომპანიაა, რომელიც ძირითადად ფლობს საბითუმო სავაჭრო ცენტრებს, ასევე დაკავებულია საგარეო ვაჭრობით, სასოფლო სამეურნეო, მეცხოველეობისა და სამრეწველო საწარმოების განვითარებით. ამჟამად ის წარმოადგენს ყველაზე დიდ ჩინურ საინვესტიციო კომპანიას საქართველოში.


უკან დაბრუნება