სიახლეები & მედია

საპარტნიორო ფონდი ჩინეთის დელეგაციას მასპინძლობს

თარიღი: 06 ივნ 2016

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინციის დელეგაცია საქართველოში საპარტნიორო ფონდის მოწვევით იმყოფება. დელეგაციის წევრები ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. „ჩინეთის დელეგაცია საკმაოდ წარმომადგენლობითია, დელეგაციის წევრებს შორის არიან სახალხო რესპუბლიკის მთავრობის, საფინანსო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. საქართველოში მათი ვიზიტი ემსახურება ქვეყნის ბიზნეს კლიმატისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობას. საინტერესო და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობას და დასაქმების ხელშეწყობას", განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის მნიშვნელობას, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის საქმიანი და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ჩინეთსა და საქართველოში დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებს. საქართველო ქალთა საერთშორისო ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა როლის გაზრდას ისახავს მიზნად. იგეგმება ძილინის პროვინციაში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტიც. ჩინეთის დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო კლიმატით და სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით ინტერესდება. ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და გარემოს გაცნობის მიზნით დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, საქართველოს რეგიონების გუბერნატორებთან და თბილისის მერთან. ჩინურ მხარეს წარმოადგენს ძილინის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის ვიცე ხელმძღვანელი; ძილინის პროვინციის ქალთა ფედერაციის ხელმძღვანელი; ძილინის პროვინციის სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი; საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ვიცე ხელმძღვანელი; Environmental Polytron Technologies Inc‐ის აღმასრულებელი დირექტორი; მეწარმე ქალთა ასოციაციის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი; Changchun people's Printing Co., Ltd‐ს გენერალური მენეჯერი; Changchun Jianye Group Co., Ltd.‐ს გენერალური მენეჯერი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძილინის პროვინციის დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ღირშესანიშნაობები მოინახულეს, დაათვალიერეს ისტორიული ძეგლები და ქართული კულტურის გაცნობის მიზნით საქართველოს რეგიონებს ესტუმრნენ. 

უკან დაბრუნება