სიახლეები & მედია

„სილიკონ ველის“ ექსპერტებმა შეხვედრა საპარტნიორო ფონდში გამართეს

თარიღი: 17 აგვ 2016

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს ექსპერტები "სილიკონ ველიდან", MDI&Associates-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ივანოვსკი და აშშ-ს ეროვნული სტრატეგიების ორგანიზაციის მმართველი დირექტორი პოლ ჯოიალი შეხვდნენ. „სილოკონ ველის" ექსპერტები საქართველოში პროექტ „სტარტაპ საქართველოს" ფარგლებში იმყოფებიან და ტექნოლოგიურ ნაწილში გამარჯვებულ ფინალისტებს ტრენინგებს უტარებენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საპარტნიორო ფონდში, დავით საგანელიის გარდა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოდგილე ნათია თურნავა,"სტარტაპ საქართველოს" დირექტორი ვაჟა მენაბდე, ტექნოლოგიური პარკის დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე და მისი მოადგილე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ. „სილიკონ ველის" ექსპერტები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესდნენ. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობას ამერიკელმა სტუმრებმა კერძო საინვესტიციო ფონდის შექმნის იდეა გააცნეს და პროექტში ფონდის შესაძლო ჩართულობის საკითხი განიხილეს. ექსპერტებს დავით საგანელიძე მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმასა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა, რომლის მთავარი კომპონენტი დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) ხელშეწყობაა. მხარეებმა შეხვედრაზე ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ამერიკელ სტუმრებს ასევე ფონდის ფუნქცია, პრიორიტეტები, სტრატეგია და უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი „სტარტაპ საქართველო"ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია და საპარტნიორო ფონდისა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად მომზადდა. ამ დროისთვის „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში 726 განაცხადია წარდგენილი, მათ შორის ინოვაციების ნაწილში 580 განაცხადი, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში წარდგენილი იყო 146 პროექტი, რომელთაგან 51 ფინალისტი გამოვლინდა. ფინალისტებს „სილიკონ ველის" ექსპერტები ამჟამად ტრენინგებს უტარებენ.ინოვაციების კომპონენტში მიღებული განაცხადების გადარჩევა კი აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

უკან დაბრუნება