„საპარტნიორო ფონდს“ ამერიკის სახელმწიფო განვითარების ბანკის მმართველი დირექტორი ეწვია

25 ოქტ 2017 0 2578

   

„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის, „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის" (OPIC) მმართველ დირექტორს მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ დარგში ქენეთ ენჯელს შეხვდა. 

„საპარტნიორო ფონდში" გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ფონდის მენეჯმენტი ესწრებოდა, მხარეებმა ფონდისა და OPIC-ის ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. 

შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ის განვითარების ბანკის მიერ წინანდალში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონის" ფინანსირების საკითხი განიხილეს. OPIC-ის მმართველმა დირექტორმა ქენეთ ენჯელმა აღნიშნა, რომ „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" პროექტისთვის 10 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს. 

ფონდში გამართულ შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს „საპარტნიორო ფონდის" ინვესტიცია ამერიკულ საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance-ში, რომელიც „საპარტნიორო ფონდისა" და ამერიკული მხარის ინვესტიციებით შეიქმნა. 

მხარეებმა ისაუბრეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ და საქართველოში OPIC-ის მონაწილეობით, ამერიკული საავადმყოფოების ოპერატორების შემოყვანის საკითხი განიხილეს. ამასთანავე, იმსჯელეს სხვადასხვა დარგში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ: კერძოდ, სამშენებლო მასალების წარმოებისა და სამაცივრე მეურნების განვითარების მიმართულებით. 

„საპარტნიორო ფონდსა" და აშშ-ის მთავრობის განვითარების ბანკს შორის გაფორმებულია ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში ამერიკული კაპიტალის მონაწილეობით, OPIC-ისა და „საპარტნიორო ფონდის" მიერ პროექტების დაფინანსებას გულისხმობს. 

„საპარტნიორო ფონდი" და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს ეკონომიკაში ამერიკული კაპიტალის მონაწილეობის გასააქტიურებლად და ერთობლივად მუშაობენ ქართულ-ამერიკული პროექტების მოსაზიდად. 



OPIC-ის შესახებ:

„უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" აშშ–ის მთავრობის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობს. კორპორაცია კერძო კაპიტალს უყრის თავს და მას მსოფლიოს განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოწვევებისკენ მიმართავს. ვინაიდან, OPIC–ი აშშ-ის კერძო სექტორთან მუშაობს, იგი ეხმარება ამერიკულ ბიზნესს, გაფართოვდეს განვითარებად ბაზრებზე და ამ გზით, ხელს უწყობს შემოსავლებისზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე -საზღვარგარეთ. 

OPIC–ი, როგორც აშშ–ის მთავრობის სააგენტო, 1971 წელს დაარსდა და მთლიანად თვითდაფინანსებაზე მუშაობს. 

OPIC–ის ყველა პროექტი გარემოსა და სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. OPIC-ის სერვისებით სარგებლობა 160-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი. 1971 წლიდან დღემდე OPIC-მა 200 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 

OPIC–ი წარმოადგენს ერთერთ პირველ განვითარების ინსტიტუტს, რომელმაც ინვესტირება განახორციელა საქართველოში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. OPIC-მა საქართველოში დღემდე განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და „ფრენჩაიზის" ქსელების მიმართულებით. დღევანდელი მონაცემებით, „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" საქართველოში ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად, 20-ზე მეტ მიმდინარე პროექტს აფინანსებს.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები