„საპარტნიორო ფონდმა“ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში მემორანდუმები გააფორმა

28 ნოემბ 2017 0 2870

   

 „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და ფონდის მენეჯმენტი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ იღებენ მონაწილეობას. საერთაშორისო ფორუმი დღეს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისათვის“ გაიხსნა. მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტები,   ბიზნეს სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები იღებენ. ფორუმის მიზანია, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელებენ და საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის კავშირებს მიმართულებით, კავშირებს გააღრმავებენ.

ფორუმის ფარგლებში, 28 ნოემბერს „საპარტნიორო ფონდმა“ ორ ოფიციალურ დოკუმენტს მოაწერა ხელი.

„ერთი სარტყელი - ერთი გზა“ პროექტის ფარგლებში, სს „საპარტნიორო ფონდსა“ და შანხაის ხუასინის ენერგეტიკულ კომპანიას შორის პეკინში 2017 წლის მაისში თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ითვალისწინებს საქართველოს აღმშენებლობის ეროვნული საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც მნიშნელოვანი პლატფორმა იქნება საქართველო-ჩინეთს შორის საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად. მხარეებს შორის დღეს ხელი მოეწერა ფონდის სადამფუძნებლო წესდებას და გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება CEFC Shanghai Financial Service Co., Ltd-ის ლუქსემბურგში დაფუძნებულ შვილობილ Georgia Investment S.C.S-სა და სს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანია შპს „East West Bridge”-ს შორის, „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდის“ დაფუძნების მიზნით. სს „საპარნტიორო ფონდის“ მხრიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, Georgia Investment S.C.S-ის მხრიდან კი - კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჭოუ სინ იუმ.  

„საპარტნიორო ფონდმა“ ღონისძიებაზე მეორე მემორანდუმი ჩინეთის ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიფრორესურსების სამშენებლო კომპანიასთან გააფორმა. ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანიის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების გახორციელებასთან დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრები „საპარტნიორო ფონდთან“,  რის შედეგადაც მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამომავლო თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ და ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ვანგ იუენ ტანმა.

2017 წლის „აბრეშუმის ფორუმი“, რომელიც თბილისში 28-29 ნოემბერს იმართება, ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკის სექტორი.

ხვალ, „აბრეშმის ფორუმის“ სესიაზე სახელწოდებით „საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები“, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი აუდიტორიას სიტყვით მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ,,აბრეშუმის გზის ფორუმი“ პირველად  2015 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 50 ქვეყნის ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო. მათ შორის, ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელმა პირებმა და 300-მდე მსხვილი ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა.  

 

 

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები