„საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი-ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე გახდა

21 ივნ 2018 0 465

   

„საპარტნიორო ფონდი“ სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ 100%  აქციების მფლობელი გახდა. კომერციული შეთანხმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი „საპარტნიორო ფონდსა“ და შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „ყაზმუნაიგაზ-სერვისს“ შორის სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაფორმდა.

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, „საპარტნიორო ფონდს“ საკუთრებაში ყაზახური კომპანია  „ყაზმუნაიგაზ-სერვისის“ მიერ დაფუძნებული შპს „კმგ-სერვის საქართველოს“ 100%-იანი წილი გადმოეცა. შპს „კმგ-სერვის საქართველო“  და „საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალის“ აქციების 50-50%-ს ფლობდნენ.

„სასიხარულოა, რომ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ აქციების 100%-ი ქართული მხარის მფლობელობაში გადმოვიდა. ეს არის წარმტებული კომერციული კონტრაქტი. პრინციპული შეთანხმება სასტუმროს აქციების შესყიდვის შესახებ ასტანაში ქართული მხარის ოფიციალური ვიზიტის დროს გავაფორმეთ. დღეს კი ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების ფორმალურ დეტალებს ითვალისწინებს. მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორ ყაზახურ მხარეს გაწეული სამუშაოებისთვის, რომლებმაც გამაჯანსაღებელ კომპლექსს ფართო ტურისტული დატვირთვა შესძინა.  ჩვენ ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით ვაგრძელებთ. რაც შეეხება სასტუმროს, მას შემდეგ, რაც შევწყვიტეთ თანამშრომლობა კომპანია „RIXOS“-სთან, აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოში ცნობილ უმსხბილეს ოპერატორებთან. დღესდღეობით კი სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებს. მალე „საპარტნიორო ფონდი“ ლიკანში მდებარე რომანოვების სასახლისა და პარკის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირების გეგმასაც წარადგენს, რომლის განხორციელების შედეგად სასტუმრო კომპლექსი საქართველოში ერთერთი მთავარი ტურისტულ ცენტრი იქნება“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებლემა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„ყაზმუნაიგაზ-სერვისს“ ლიკანის ტერიტორიის ნაწილი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პირობით 2006 წელს გადაეცა. ყაზახური კომპანიის მხრიდან გაჩერებული საინვესტიციო პროექტი „საპარტნიორო ფონდის“ ჩართულობის შემდეგ გაცოცხლდა. „საპარტნიორო ფონდმა“ და ყაზახურმა კომპანია „კაზმუნაიგაზ-სერვისმა“  2012-2014 წლებში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებებს, რომელთა  თანახმად,  ლიკანში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობისთვის დაფინანსება გამოიყო. „საპარტნიორო ფონდმა“ პარტნიორი კომპანიის 50%-იანი წილი კი დღეს „ყაზმუნაიგაზ-სერვისის“ მიერ სასტუმროს მშენებლობაში ინვესტირებულ თანხასთან შედარებით  იაფად  შეისყიდა.

„საპარტნიორო ფონდსა“ და „კაზმუნაიგაზ-სერვისს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფონდის საკუთრებაში სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ გარდა ქობულეთში, 70073 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადმოდის.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები