„საპარტნიორო ფონდი“ და იტალიის სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტო SACE თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

17 ივლ 2018 0 330

   

თბილისში გამართული საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ იტალიის სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტო SACE-ს აღმასრულებელ დირექტორთან ალესანდრო დეჩიოსთან საქმიანი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოსა და იტალიას შორის ინვესტიციების ხელშეწყობის კონკრეტულ ნაბიჯებზე იმსჯელეს. მათ ცალკეული ბიზნეს პროექტების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, ენერგეტიკის, ლოჯისტიკის, სამაცივრე მეურნეობის, მანქანათმშენებლობის, ხილის, ბოსტნეულისა და თევზის გადამუშავების მიმართულებით. „საპარტნიორო ფონდისა“ და SACE-ს  წარმომადგენლებმა შემოდგომისთვის სექტორული ბიზნეს-ფორუმი დაგეგმეს, რომელზეც  დარგის ბიზნესებსა და პოტენციურ ინვესტორებს ერთობლივ ფინანსურ ინსტრუმენტებს შესთავაზებენ.  მხარეებმა აღნიშნეს, რომ მათი თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. 

საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმის ფორმატში გამართული სამუშაო შეხვედრა „საპარტნიორო ფონდსა“ და იტალიის სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს SACE-ს შორის  გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა. ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელმოწერილი ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, მხარეები ერთობლივად შერჩეული პროექტების განხორციელების გზით, ხელს შეუწყობენ ინვესტიციების მოზიდვასა და ექსპორტის ზრდას იტალიასა და საქართველოს შორის. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდისა“ და SACE-ს პარტნიორობით,   საქართველოში სენდვიჩ პანელების მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ მაღალტექნოლოგიური იტალიური დანადგარების მწარმოებელი SAIP-ის საწარმოო ხაზით აღიჭურვა. ასევე, იტალიის სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტო „საპარტნიორო ფონდს“  საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობისა და დაკრედიტების მიმართულებით უწევდა კონსულტაციებს. 

იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნეს-ფორუმის განმავლობაში „საპარტნიორო ფონდსა“ და SACE-ს შორის საქმიან შეხვედრას „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ციმაკურიძე, რისკების მართვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსი კონსტანტინე ჭანტურია და საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ნინო ჩოლოყაშვილი ესწრებოდნენ. საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმში 30-მდე იტალიურმა და 120-ზე მეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

იტალიის სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტო SACE-ს შესახებ:

SACE სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს წარმოადგენს, რომელიც პარტნიორი ქვეყნების საფინანსო ინსტიტუტებს მიკრო და მცირე საწარმოების ხელშეწყობისთვის იაფ კრედიტსა და ექსპორტიორ კომპანიებს გლობალურ ბაზრებზე სავაჭრო ოპერაციებში მხარდაჭერას სთავაზობს. SACE ფულად რესურსს ინოვაციურ ბიზნესებში აბანდებს და კომპანიებს სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

SACE ფინანსური მომსახურების ლიდერი სააგენტოა, რომელიც საერთაშორისო ბაზარს ფართო პროდუქტების ისეთ სპექტრს სთავაზობს, როგორიცაა, დოკუმენტური დაკრედიტება, პოლიტიკური და საკრედიტო რისკების დაზღვევა, ფინანსური გარანტიები და ფაქტორინგული ოპერაციები. ჯგუფის ოპერაციების მოცულობა 70 მლრდ. დოლარს შეადგენს და მსოფლიოს 189 ქვეყანას მოიცავს.  30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია SACE ხელს უწყობს იტალიაში საინვესტიციო პროექტების წარმატებით განხორციელებას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.      

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები