დავით საგანელიძე: „საქართველოს აქვს შესაძლებლობა რეგიონში არბიტრაჟის ლიდერად იქცეს“

04 ოქტ 2018 0 78

   

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გამგეობის წევრმა დავით საგანელიძემ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია „არბიტრაჟის დღეები 2018“-ში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა. კონფერენციის მთავარი მიზანია საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნის წარმოჩენა, რომელსაც აქვს პოტენციალი რეგიონში არბიტრაჟის ცენტრად ჩამოყალიბდეს. 

„საქართველოს უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი აქვს. პოტენციურ ინვესტორს კი სჭირდება თავისი ინვესტიციის დაცვის მყარი გარანტიები. შესაბამისად, საქართველოში სანდო საარბიტრაჟო დაწესებულებისა და ამ მიმართულებით, სტაბილური გარემოს არსებობა ინვესტიციების დაცვის უმნიშვნელოვანესი ბერკეტია. უცხოელი ინვესტორები პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების წინაპირობად კონკრეტული ქვეყნის დავების გადაწყვეტის ეფექტიანი ალტერნატიული მექანიზმების არსებობას ასახელებენ. ასე რომ, ქვეყანაში სანდო და მიუკერძოებელი საარბიტრაჟო დაწესებულების, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის არსებობა, ერთერთ მთავარ ასპექტს წარმოადგენს საქართველოს საინვესტიციო გარემოს განსავითარებლად. ხოლო საქართველოს ფინანსურად ეკონომიური გარემო, არბიტრაჟს მორგებული თანამედროვე საკანონმდებლო ბაზა, ბიზნესის წარმოების გამარტივებული პროცედურები და გეოგრაფიული ადგილმდებარეობა იძლევა იმის რეალურ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონის ლიდერად იქცეს,“ – განაცხადა დავით საგამელიძემ.  

ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი გამოვიდნენ.  2018 წლის კონფერენციის მთავარი გზავნილი იყო „ახალი ერა დავების გადაწყვეტაში“ და ღონისძიება საერთაშორისო არბიტრაჟში ახლადდამკვიდრებულ მიდგომებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, ციფრულ და ონლაინ არბიტრაჟსა და დარგის სხვა აქტუალურ თემებს მიეძღვნა.

არბიტრაჟის დღეები, ასევე, მოიცავს ადგილობრივი და საერთაშორისო იურისტებისთვის სემინარებსა და ვორკშოპებს, რომელთა მიზანია ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობაში გამოყენების უპირატესობების განმარტება და ქართული ბიზნესისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქმიანობის წარმართვისას დავების გადაწყვეტის გამარტივება.

ღონისძიება წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა და მას საერთაშორისო არბიტრაჟის 40-მდე სპეციალისტი და უცხოელი მოსამართლე დაესწრო.  „საარბიტრაჟო დღეები 2018“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები