საქართველოს წყლის რესურსების პოტენციალი აზიის წყლის საბჭოს გენერალური ასამბლეის საბჭოს სხდომაზე განიხილეს

14 მარ 2019 0 2229

   

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში  აზიის წყლის საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოს წყლის რესურსების შესახებ ვრცელი პრეზენტაცია აზიის წყლის საბჭოს წევრის სტატუსით  გამართა.

„Asia Water Council“-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, შვეიცარიის, საფრანგეთის, ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ავსტრალიის  ოფიციალური დელეგაციები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები და მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები დაესწრნენ.

დავით საგანელიძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ჰიდრორესურსების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ამ მიმართულებით, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო: „საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგორესურსებით, განსაკუთრებით კი -ჰიდრორესურსებით. ჩვენი ქვეყანა,  ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს.  მიუხედავად ამისა, საქართველოს ამ რესურსის 80% აუთვისებელია. ინვესტორები საქართველოს ჰიდროენერგეტიკისადმი დიდ ინტერესს გამოხატავენ. საქართველოს მთავრობისთვის კი ჭარბი ელექტროენერგიის გამომუშავებით რეგიონში მთავარი ექსპორტიორის როლის შეთავსება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს“, განაცხადა დავით საგანელიძემ. გამოსვლის შემდგომ გაიმართა დისკუსია.

დავით საგანელიძე, ასამბლეის ფარგლებში, აზიის წყლის საბჭოს პრეზიდენტს ჰაკ სუნლის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ჰიდრორესურსების პოტენციალი და  მწვანე კონცხის წყლის ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმა განიხილეს. აზიის წყლის საბჭოს პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა.

აზიის წყლის საბჭოს მესამე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ოფიციალურმა დელეგაციებმა  ჰიდრორესურსებთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. მთავარი განსახილველი თემები წყლის რესურსების დაფინანსების საკითხები, ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, უსაფრთხოება და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა იყო. სპეციალური სესიების განმავლობაში მონაწილე ქვეყნებმა პრეზენტაციები გამართეს და ჰიდრორესურსების გამოყენების მექანიზმების შესახებ იმსჯელეს.

გენერალური ასამბლეის საბჭოს სხდომაზე აქცენტი გაკეთდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას, მათ შორის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, წყალმომარაგების სისტემის მართვის მოდელის შემუშავების, მოდერნიზაციის,  განვითარების, ასევე, დაფინანსების მოძიების მიმართულებით.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები