დავით საგანელიძე: „საგარეჯოს მოსახლეობის ინტერესების პირველი დამცველი საპარტნიორო ფონდი იქნება“

10 მარ 2020 0 2532

   

„დავიტოვებთ მიწის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელთანაც მოსახლეობას არანაირი შემხებლობა არ აქვს, რათა არც ერთი ოჯახის ინტერესი არ შეიბღალოს. მივმართავ ამ ოჯახებს: თქვენი ინტერესების პირველი დამცველი იქნება საპარტნიორო ფონდი“ - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ფონდისთვის გადმოცემული საგარეჯოს სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთების შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ, „საპარტნიორო ფონდი“ წელიწადნახევარია მუშაობს ინვესტორებთან საქართველოში ზეთისხილის ბაღების გაშენების პროექტზე. მისი თქმით, ინვესტორის მხრიდან აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ პროექტში მონაწილეობა უნდა მიეღო სახელმწიფოს, ფონდის პოზიცია კი იყო ის, პროექტში შევიდოდა არა ფინანსური კაპიტალით, არამედ ტერიტორიებით, რომლებსაც სახელმწიფოსთან ერთად შეარჩევდა. მიწის გამოსაყოფად ფონდმა შესაბამის სამსახურებს: ქონების მართვის სააგენტოს, კახეთის რეგიონის ხელმძღვანელობას მიმართა.

„ჯერჯერობით პროექტის განხორციელებისთვის 2000 ჰა-ს ნაცვლად ფონდისთვის  გადმოცემულია 522 ჰა მიწა. ჩვენ დავუკავშირდით ინვესტორს მიწის დამუშავების დასაწყებად. თუმცა, აღმოჩნდა, რომ საგარეჯოს მინიციპალიტეტის სოფელი გიორგიწმინდის მოსახლეობის ნაწილს გაუჩნდა პრეტენზია, რომ მოხდა გადაკვეთა მათ ინტერესში არსებულ მიწებთან. საჯარო რეესტრში ამ მიწებთან დაკავშირებით იჯარა ან სხვა ტიპის ვალდებულება არ ფიქსირდება. ცხადია, თუ მიწა საკუთრებაშია, სახელმწიფო მას ვერ გადმოგვცემდა. თუმცა, მოსახლეობის ნაწილს აქვს პრეტენზია, რომ მართალია, ეს ნაკვეთები მათ მფლობელობაში არ არის, ისინი მათ ამუშავებდნენ ან გასულ წლებში ჰქონდათ საიჯარო ხელშეკრულება, რომელსაც ვადა უკვე ამოეწურა. ხაზს ვუზვამთ, რომ ყოველი მათგანის ინტერესი იქნება მაქსიმალურად დაცული და თითოეული კვადრატული მეტრი, რომელთანაც მათ შეხების ფორმა ჰქონიათ, იქნება ხელუხლებელი. ჩვენ სათითაოდ ვიმუშავებთ თითოეულ საკადასტრო კოდზე, თითოეულ ოჯახთან, რაც უკვე ხდება კიდევაც და ამ 522 ჰა მიწიდან სრულად გამოვყოფთ იმ ნაწილს, რომელიც ინტერესს მიღმა დარჩება, იქნება ეს 50, 100 თუ 200 ჰა. დავიტოვებთ მხოლოდ იმ ნაწილს. რომლებთანაც მოსახლეობას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, რათა არც ერთი ოჯახის ინტერესი არ შეიბღალოს. მივმართავ ამ ოჯახებს: თქვენი ინტერესების პირველი დამცველი იქნება „საპარტნიორო ფონდი“. დამატებით, შევთავაზებთ, ამავე პროექტში თავიანთი მიწებით შემოვიდნენ. თუმცა არ დავუშვებთ, რომ გარკვეული უსაფუძვლო სპეკულაციური მიზნებით, შეჩერდეს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტი,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, ზეთისხილის ბაღების გაშენების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საპარტნიორო ფონდს” საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული სახნავ-სათესი ნაკვეთები გადასცა. პროექტის პირველი ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 10 მილიონი აშშ დოლარია.  

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები