დავით საგანელიძე

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი

დავით საგანელიძე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელ დირექტორად 2015 წლის სექტემბერში დაინიშნა. 

ფონდის ხელმძღვანელად დანიშვნამდე, დავით საგანელიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო. იგი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრად აირჩიეს. 

დავით საგანელიძის მოღვაწეობა ქართულ პოლიტიკაში 20 წელიწადზე მეტს ითვლის. იგი 1999 წლიდან, რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და ამ პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. 

2013 წელს დავით საგანელიძე „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის" (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. 

დავით საგანელიძეს მდიდარი გამოცდილება აქვს მენეჯმენტის, საფინანსო, ჯანდაცვის და ეკონომიკის მიმართულებებით. თავისი კარიერული მოღვაწეობის პერიოდში, საგანელიძე იყო „თი-ბი-სი" ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი, აგრეთვე, „საქართველოს ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ქართულ-ინგლისური სააქციო საზოგადოება GHF-ის პრეზიდენტი. 

ამას გარდა, დავით საგანელიძე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში ქირურგის პოზიციაზე მუშაობდა.  

დავით საგანელიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ქირურგის სპეციალობით. ასევე, დაამთავრა თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი ეკონომიკის, შემდეგ კი, იურისტის სპეციალობით. მოგვიანებით, დავით საგანელიძემ დაამთავრა მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, კლინიკური ორდინატურა-ასპირანტურის აბდომინალური ქირურგიის განყოფილება. იგი არის ათენის, ლონდონისა და ბრაიტონის ბიზნეს სკოლების კურსდამთავრებული. 

დავით საგანელიძეს მინიჭებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. იგი არის ორი წიგნისა და 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.