საპარტნიორო ფონდის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი დელეგაცის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში დასრულდა
საპარტნიორო ფონდის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივი დელეგაცის ოფიციალური ვიზიტი ესტონეთში დასრულდა. პროექტ „სტარტაპ საქართველოს" განვითარების მიზნით სამუშაო შეხვედრები გაიმართა ესტონეთის მთავრობისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრებმა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ნათია თურნავას ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართეს ესტონეთის ეკონომიკურ საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, "ესტონეთის წარმოების" (Enterprise Estonia - EAS) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯგუფის ხელმძღვანელთან; Estonian Business Angels Network-ის მმართველ დირექტორთან და Startup Estonia-ს ლიდერთან. შეხვედრები ასევე გაიმართა KredEx-ის ევროკავშირის ფონდების და რისკების მართვის დეპარტამენტის კოორდინატორთან და ესტონეთის წამყვან სტარტაპ-აქსელერატორ კომპანიებთან. მხარეებმა სტარტაპების ეკოსისტემის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და რეგულირებასთან დაკავშირებით, ესტონეთის გამოცდილებაზე, სტარტაპ ბიზნესების გლობალურ ბაზაზე პოპულარიზაციასა და სტარტაპების გაძლიერების მიზნით სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს. შემუშავდა სამუშაო ფორმატი გამოცდილების გაცვლისა და გაზიარების მიზნით. დაიგეგმა ესტონეთის მსხვილი სტარტაპ-აქსელერატორი კომპანიების ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც მსოფლიოში ცნობილი აქსელერატორები „სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებულებს ტრენინგებს და სემინარებს ჩაუტარებენ. პერსპექტიულ სტარტაპებს კი უცხოელ ინვესტორებთან წარსადგენად მოამზადებენ. ესტონეთში საქმიანი ვიზიტის დროს ასევე დაიწყო მოლაპარაკებები ერთობლივი სტარტაპ-ფონდების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ესტონეთი ინოვაციების განვითარების ტემპის მიხედვით მსოფლიოში მზარდი ლიდერი გახდა, ამიტომ შეხვედრებზე ძირითადი აქცენტები „სტარტაპ" ბიზნესის ინფრასტრუქტურის, განათლების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, მთავრობის მიდგომებისა და სტარტაპ კონცეფციების დაგეგმვის საკითხებზე გაკეთდა. ქართული დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანმა. შეხვედრებს საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლების გარდა „სტარტაპ საქართველოს" დირექტორი ვაჟა მენაბდე და ქართველი სტარტაპ-ინვესტორი, „გლობალსელის" დამფუძნებელი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდნენ.
0