ტრენინგების კურსი „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსის მონაწილეთათვის
15 სექტ 2016
0
2027
„სტარტაპ საქართველოს" პროექტის ფარგლებში პროექტის მონაწილეებისთვის საპარტნიორო ფონდი ტრენინგების კურსს აცხადებს. საპარტნიორო ფონდის ინიციატივა ბიზნეს იდეების ავტორებსა და დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციების და სტარტაპების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე მარკეტინგულ და გაყიდვების სტრატეგიებს, დახვეწონ ბიზნეს გეგმის წერის უნარები და დაეუფლონ სხვა საჭირო ცოდნას და ინფორმაციას. საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა „სტარტაპ საქართველო" სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის. განსაკუთრებით, კი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავლის ეკონომიკას ქმნიან. „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა" „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება. პროგრამის ფარგლებში სულ 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. მათ შორის მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 150-მდე განაცხადი, რომელთაგან 20 გამარჯვებული 25 აგვისტოს გამოვლინდა, ხოლო ინოვაციურ ნაწილში 570 ბიზნესიდეა, რომელთაგან პროგრამის გამარჯვებული 36 პროექტი გახდა. 17 ივნისს გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებს, ვისაც სურს მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და ცოდნა, თუ როგორ დაიწყოს ბიზნესი, აქვთ შესაძლებლობა შეავსონ შესაბამისი განაცხადი და მონაწილეობა მიიღონ ტრენინგებში. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე http://startup.gov.ge/geo/registration. ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ, როგორც გამარჯვებულებს, ასევე იმ აპლიკანტებსაც, რომელთა ბიზნესიდეამ ვერ მოიპოვა დაფინანსება, ან განხილვის სტადიაზეა.
ტრენინგის თემებია:
1. რა არის ინოვაცია და სტარტაპი
2. ინოვაციების ეკონომიკა და წამყვანი ინდუსტრიების მიმოხილვა
3. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა
4. MVP და ბიზნეს კანვას მოდელი
5. ღირებულებათა ჯაჭვის კანვასი (Value Proposition Canvas)
6. მარკეტინგი, გაყიდვები, სოციალური მედია და ბრენდინგი
7. გაყიდვების სტრატეგია და ბაზრის კვლევა
8. ფინანსები: ხარჯები, ფასწარმოქმნა, მოგების განაწილება
9. როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა
10. ზოგადი მენეჯმენტი და HR
11. რა ტიპის ინვესტიციები არსებობს, როგორ ხდება სტარტაპს და ინვესტორს შორის წილის განაწილება
მსურველთა რეგისტრაციის შემდეგ, დაკომპლექტდება თემატური ჯგუფები, დაზუსტდება ტრენინგების განრიგი და ზუსტი დრო. ტრენინგები დაიწყება სექტემბრის ბოლოს და კურსის ხანგრძლივობა 8-10 სამუშაო დღე იქნება. მსურველთა რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება კურსის რამდენჯერმე განმეორება. ტრეინინგების ხარჯებს სრულად დაფარავს სს „საპარტნიორო ფონდი" და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო". ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: http://startup.gov.ge/geo/registration.
0