საპარტნიორო ფონდმა OPIC-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

25 აპრ 2016 0 1825

   

საპარტნიორო ფონდმა აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტთან - „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან" (OPIC) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი ითვალისწინებს პროექტების დაფინანსების კუთხით საპარტნიორო ფონდისა და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის" თანამშრომლობას. მემორანდუმს საქართველოს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ და OPIC-ის ადმინისტრაციის უფროსმა კამერონ ალფორდმა ვაშინგტონში OPIC-ის მთავარ ოფისში მოაწერეს ხელი. მემორანდუმი გულისხმობს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის მხარეების შესაბამისი რესურსების და შესაძლებლობების გამოყენებას. საპარტნიორო ფონდი და OPIC ერთობლივად მოახდენენ სხვადასხვა კომერციულად საინტერესო პროექტების შესწავლას და შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მზად არიან ერთობლივად დააფინანსონ ისინი. მხარეებს სურთ ჩამოაყალიბონ გრძელვადიანი თანამშრომლობის ზოგადი პრინციპები, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროებში პროექტების ეფექტურ და სწრაფ განხორციელებას. ამ ეტაპზე, ფონდი და აშშ-ის მთავრობის „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" (OPIC) აქტიურად თანამშრომლობენ რამდენიმე პროექტის ფარგლებში, მათ შორისაა სასტუმრო "რედისონ წინანდლის” პროექტი, მცირე და საშუალო საწარმოების ფონდში Gazelle Finance-ში თანამონაწილეობა, ჯანდაცვის სექტორში რიგი ერთობლივი პროექტის განხორციელება და სხვა პროექტები.

 

 

OPIC-ის შესახებ

 

„უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" აშშ–ის მთავრობის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობს. კორპორაცია თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას მსოფლიოს განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევებისაკენ მიმართავს. რადგან OPIC–ი შეერთებული შტატების კერძო სექტორთან მუშაობს, იგი ეხმარება ამერიკულ ბიზნესს გაფართოვდეს განვითარებად ბაზრებზე, რითიც ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობას შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ. OPIC–ი თავისი მისიის განსახორციელებლად ინვესტორებს სთავაზობს ფინანსურ რესურსს, გარანტიებსა და რისკების დაზღვევას, აგრეთვე მხარს უჭერს კერძო საინვესტიციო ფონდებს. OPIC–ი, როგორც აშშ–ის მთავრობის სააგენტო, 1971 წელს დაარსდა და მთლიანად თვითდაფინანსებაზე მუშაობს. OPIC–ის ყველა პროექტი ხორციელდება გარემოსა და სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტების შესაბამისად. OPIC პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, რომლებიც მოიცავს დასაქმებულთა უფლებებსაც. ამ სტანდარტების დაცვით OPIC ესწრაფვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები იმ ქვეყნებში, სადაც თავად მოღვაწეობს. OPIC -ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია 160-ზე მეტ ქვეყანაში. 1971 წლიდან დღემდე OPIC -მა განახორციელა 200 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია. OPIC წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ განვითარების ინსტიტუტს, რომელმაც ინვესტირება განახორციელა საქართველოში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. OPIC-მა საქართველოში დღემდე განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და „ფრანჩაიზის" ქსელების ჩათვლით. დღევანდელი მონაცემებით, OPIC აფინანსებს 20-ზე მეტ მიმდინარე პროექტს ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად ქვეყანაში.

:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები