დავით საგანელიძე „აბრეშუმის გზის საერთშორისო თანამშრომლობის განვითარების ფონდის“ პროექტების პრეზენტაციას დაესწრო
„ელექტრონული აბრეშუმის გზა" და „აბრეშუმის გზის საერთშორისო თანამშრომლობის განვითარების ფონდის" პრეზენტაციას და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აბრეშუმის გზის საერთაშორისო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად დაესწრო. ახალი პროექტების „ელექტრონული აბრეშუმის გზისა" და „აბრეშუმის გზის საერთშორისო თანამშრომლობის განვითარების ფონდის" პროექტების პრეზენტაცია საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის ვიზიტის ფარგლებში შედგა.საერთაშორისო ვაჭრობის აბრეშუმის გზის პალატის თავმჯდომარე ლიუ იანზონგი თანმხლები დელეგაციით საქართველოში სამ დღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია აბრეშუმის გზის რეგიონის სავაჭრო- ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა. დავით საგანელიძემ „ელექტრონული აბრეშუმის გზისა" და „აბრეშუმის გზის საერთშორისო თანამშრომლობის განვითარების ფონდის" პროექტების მნიშვნელობა მედიასთან შეაფასა. „ეს არის მნიშვნელოვანი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. საქართველოს ამ პროექტებში ისტორიული როლი ენიჭება. აბრეშუმის გზა საქართველოს უჩენს მრავალმხრივ პერსპექტივას განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები და ურთიერთობები, უკეთ წარმოაჩნოს რეგიონში არსებული საინვესტიციო პოტენციალი", აღნიშნა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
0