დავით საგანელიძე ჰონგ კონგში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია, აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჰონგ კონგში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ჰონგ კონგის შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელს ლაო ქონგვას შეხვდნენ, რომელიც ჰონგ კონგში ასევე, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებებს კურირებს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და საქართველოსა და ჰონგ კონგის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს. ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ჰონგ კონგის ეკონომიკისა და ვაჭრობის უწყების ხელმძღვანელთან გრეგ სოსთან. მხარეებმა საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებასა და საქართველოში ჰონგ კონგიდან ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დელეგაციის წევრებთან ერთად ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ჰონგ კონგის სახელმწიფო მდივანთან ფინანსურ საკითხებში ჯონ ცან ვასთან, შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული საქართველოსა და ჰონგ კონგის ურთიერთობების განვითარების პოტენციალი. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ხვალ, ჰონგ კონგის მთავრობის წარმომადგენლებთან დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ჰონგ კონგის უნივერსიტეტში, სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჰონგ კონგის ბიზნეს ასოციაციები, საინვესტიციო ფონდები, კომერციული სტრუქტურები და სხვა დაინტერესებული პირები. კონფერენციაზე დაგეგმილია დავით საგანელიძის სიტყვით გამოსვლა. საუბარი შეეხება საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს კლიმატსა და სამომავლო თანამშრომლობის პოტენციალს. ჰონგ კონგში საპარტნიორო ფონდის დელეგაცის მიერ გამართულ შეხვედრებს საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დავით აფციაური ესწრება.
0