საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის ელჩთან იენჩი ძისთან საქართველო-ჩინეთს შორის ერთობლივი საინვესტიციო პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. ჩინელმა დიპლომატმა საქართველო-ჩინეთს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მისი განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან და ევროპის ბაზართან დაახლოებას ჩინეთი დიდი ინტერესით განიხილავს. მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ურთიერთმხარდაჭერის სურვილი გამოთქვეს. "ამჟამად, ჩინეთის ეკონომიკა მეორე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო პირველი ადგილი უჭირავს სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლით. ქვეყნის მშპ 10ტრილიონ, ხოლო შიდა სავაჭრო ბრუნვა - 4.3 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია. ჩინეთის განვითარების სწრაფი ტემპები დიდ როლს თამაშობს მსოფლიო ეკონომიკის გამოცოცხლებაში. ამავდროულად, ჩინეთი აქტიურად ეძებს საერთაშორისო ურთიერთობებში თანამშრომლობის ახალ გზებს. ჩინეთ- საქართველოს შორის დაწყებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მიზანი პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა და ერების ერთმანეთთან დაახლოებაა", - განაცხადა დავით საგანელიძემ. საქართველო-ჩინეთს შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში დიდი წვლილის შეტანის გამო საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე სამი წელი საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. გასულ წელს კი „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის" წევრი ქვეყნების მიერ"აბრეშუმის გზა-ეკონომიკური სარტყელის"პროექტშიPABSEC სპეციალურ წარმომადგენლად აირჩიეს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჩინეთის ელჩს იენჩი ძის პირისპირ ჩინური ახალი წლის „გაზაფხულის ფესტივალის" სადღესასწაულო მიღებაზე შეხვდა.
0