საპარტნიორო ფონდმა რუხის სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაასრულა
საპარტნიორო ფონდმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დაასრულა და მისი ოპერირებისთვის მზადება დაიწყო. სავაჭრო ცენტრი მრავალფუნქციურია, შენობების საერთო ფართი 10000 მ2-ს შეადგენს, კომპლექსი ჯამში 10 შენობითაა წარმოდგენილი, ხოლო სავაჭრო ცენტრის საერთო განაშენიანების ფართობი 5 ჰექტარია. შენობები აგებულია ევროპული სტანდარტის დაცვით, რომელიც მიღებულია ამ ტიპის ობიქტების მშენებლობაში. სავაჭრო ფართები აღჭურვილია განათების, ვენტილაცია/კონდიცირების, გათბობის თანამედროვე სისტემებით. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია საცალო და საბითუმო მაღაზიები, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა. ადგილობრივი და ასევე საერთაშორისო ბრენდირებული და არაბრენდირებული კომპანიები ემზადებიანსავაჭრო ცენტრში სრულფასოვანი ოპერირებისთვის, როგორც პროდუქციის მობილიზებით ასევე ტექნიკურად. ფონდის მხრიდან მათთვის მიმზიდველი კომერციული და ტექნიკური პირობებია შექმნილი. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა.მშენებლობის პროცესში ობიექტზე დასაქმებული იყო 300 ადგილობრივი მაცხოვრებელი. ცენტრის გახსნის შემდეგ კი მუდმივად 1000-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც პირდაპირ აისახება ამ რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესებაზე. პროექტის ღირებულება 15 მლნ ლარამდეა. სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელდა. რუხის მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი სრულყოფილ ოპერირებას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
0