„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ფონდში ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის დელეგაცია მიიღო
18 სექტ 2017
0
2252
„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავამ ფონდში ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია Sino Sure-ის დელეგაცია მიიღო.
Sino Sure-ის ოფიციალურ დელეგაციას კორპორაციის თავმჯდომარე ვან ი ხელმძღვანელობს. საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრას ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელობა და ფონდის მენეჯმენტი ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ „საპარტნიორო ფონდი" და Sino Sure ქართულ და ჩინურ პროექტებს კოორდინაციას და მხარდაჭერას ერთობლივად გაუწევენ. 21 სექტემბერს Sino Sure-სა და „საპარტნიორო ფონდს" შორის გაფორმდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის ერთობლივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ითვალისწინებს ისეთ ეკონომიკურ სფეროებში, როგორებიცაა სამთო გადამუშავება, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ვაჭრობა.
საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონია 21 სექტემბერს, პეკინში იგეგმება. ოფიციალურ დოკუმენტს ხელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით მყოფი „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და Sino Sure კორპორაციის ხელმძღვანელი ვან ი მოაწერენ.
მხარეები ერთობლივად იმუშავებენ „ერთი სარტყელი-ერთი გზის" ინიციატივის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობისა და წარმოების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. ასევე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, Sino Sure და „საპარტნიორო ფონდი" გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და საუკეთესო პრაქტიკას ექსპორტის საკრედიტო სააგენტოების ფუნქციონირებისა და განვითარების მიმართულებით. Sino Sure მზად არის უზრუნველჰყოს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის შესაძლებლობების მხარდაჭერა სხვადასხვა შესაძლო ღონისძიებით. ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, იგეგმება ორმხრივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება.
ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კორპორაციის ოფიციალური დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს შეხვდა.
Sino Sure-ის შესახებ:
ჩინეთის ექსპორტისა და საკრედიტო სადაზღვევო კომპანია Sino Sure არის ჩინეთის სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ჩინეთის საგარეო ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას უწყობს ხელს. კორპორაცია 2001 წელს შეიქმნა. ამჟამად, მას ოპერაციების ფართო ქსელი აქვს. საკუთარი საქმიანობის ფარგლებში, კორპორაცია აზღვევს ჩინეთის საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებს, მხარს უჭერს საგარეო ვაჭრობის განვითარებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, უმუშევრობის შემცირებას და საგადამხდელო ბალანსის დადებითი სალდოს ზრდას.
Sino Sure-ის ძირითადი პროდუქტებს შეადგენს საშუალო და გრძელვადიანი ექსპორტის საკრედიტო დაზღვევა, საერთაშორისო ინვესტიციებისა და ლიზინგის დაზღვევა, მოკლევადიანი ექსპორტის საკრედიტო დაზღვევა, შიდა სავაჭრო საკრედიტო დაზღვევა, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული ობლიგაციები და გარანტიები, ინვესტიციები, საკრედიტო დაზღვევის გადაზღვევა, სადაზღვევო ფონდების მართვა, სავაჭრო დებიტორების მართვა, სესხების მართვა, ფაქტორინგი, საკრედიტო რისკებთან დაკავშირებული კონსულტაცია და საკრედიტო რეიტინგები. Sino Sure-მა, ასევე, დანერგა "Sino Sure Online”, მულტი-ფუნქციური ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც პოლისის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ სწრაფი და მოსახერხებელი მომსახურება.
2015 წლის მონაცემებით, Sino Sure-ის მიერ დაზღვეული ექსპორტისა და ინვესტიციების მოცულობამ 2.8 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კორპორაციის პოლისებით დაიზღვია ათასობით ექსპორტიორი და ასობით საშუალო და გრძელვადიანი პროექტი. კორპორაციის მხარდაჭერით, განხორციელდა 413 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დაკრედიტება 233 კომერციული ბანკის მიერ.
0