„საქართველო ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის“ - დავით საგანელიძე

11 სექტ 2017 0 2559

   

„საქართველო ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის"- ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში გამართულ „აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტზე" გააკეთა, რომელშიც მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის 600-ზე მეტი დელეგატი იღებს მონაწილეობას, მათ შორის არის საქართველოს დელეგაცია. 

 
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიანი ვიზიტით მყოფ ქართულ დელეგაციას „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტისა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები არიან. დავით საგანელიძე, ასევე, ხელმძღვანელობს შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის ( PABSEC ) დელეგაციას, როგორც ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი „ერთი სარტყელი – ერთი გზის" პროექტებში. 
 
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ სიანში გამართული „აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტის" მთავარი თემა ეკონომიკური გლობალიზაცია, პარტნიორ ქვეყნებს შორის სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივაში კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება, ფინანსური პლატფორმის ჩამოყალიბება და საუკუნის პროექტის სტრატეგიული გეგმის განხილვაა. 
 
„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტი" აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გაეროს სავაჭრო პალატების საპატიო თავმჯდომარემ, ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა და ნეპალის ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნეს. სამდღიან სამიტს მაღალი რანგის ოფიციალური პირების გარდა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. 
 
„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტზე" გამომსვლელებმა იმ ქვეყნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლებსაც უდიდესი წვლილი შეაქვთ „ერთი სარტყელი – ერთი გზის" პროექტის განვითარებაში. სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა დავით საგანელიძემ და აბრეშუმის გზის კორიდორში საქართველოს უდიდეს როლსა და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე ისაუბრა. 
 
„დიდია საქართველოს როლი გლობალურ საუკუნის პროექტში „ერთი სარტყელი – ერთი გზა”. ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ პროექტში აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. აბრეშუმის გზის აღდგენა აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და საქართველო ხდება კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, რადგან ორმხრივი ვაჭრობის მიმართულებით შემდგომი ზრდის სერიოზული შანსი გვაქვს. ასევე სერიოზულ პერსპექტივებს ვხედავთ საინვესტიციო ნაკადების ზრდის მიმართულებითაც" – განაცხადა დავით საგანელიძემ.
 
„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტზე" მრგვალი მაგიდის ირგვლივ დისკუსია გაიმართა. დისკუსიის თემა აბრეშუმის გზის ფარგლებში ფინანსური თანამშრომლობის პრაქტიკული ასპექტები იყო. დისკუსიაში ქართულ მხარეს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა, აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის საპატიო თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი და საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური წარმოადგენდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში ინვესტიციების მოზიდვის საკითხს, ასევე, ვაჭრობისა და გლობალური განვითარების ასპექტებს.
 
„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტის"ფარგლებში „საპარტნიორო ფონდსა" და აბრეშუმის გზის საერთაშორისო განვითარების ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და აბრეშუმის გზის საერთაშორისო განვითარების ფონდის პრეზიდენტმა დეივიდ კიანგმა მოაწერეს. 
 
„აბრეშუმის გზის 2017 წლის ბიზნეს სამიტი" სამ დღეს გასტანს. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი და მრავალმხირი შეხვედრები. სამიტს სხვადასხვა ქვეყნის მედიის წარომადგენლები ესწრებიან.
 
„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია „შანსის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
 
„საპარტნიორო ფონდის" ოფიციალური დელეგაციის საქმიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ ნანჩანგისა და გუანჯოუს საქმიან წრეებთან შეხვედრები.
:  

   

0

CAPTCHA Image

 

 

 

პოპულარული ტაგები