„საპარტნიორო ფონდი კლინიკებს ერთი წელია აღარ ფლობს“ - გიორგი დანელია
„ხშირად ისმის სპეკულაციები ამ თემის შესახებ და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ კლინიკებს ერთი წელია აღარ ფლობს. „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ე.წ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“), ასევე, „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“) გადაცემული გვაქვს შესაბამისი სამინისტროსთვის, ასე რომ, ფონდი აღარ არის მათი მფლობელი“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი დანელიამ.
ამასთანავე, გიორგი დანელიამ აღნიშნა, რომ გასულ წლებში ფონდს ხსენებულ კლინიკებში გარკვეული ინვესტიციები აქვს განხორციელებული.
„ჩვენ კაპიტალური ხარჯები გავწიეთ, გარკვეულ დონეზე გავარემონტეთ ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, რომელსაც ფანჯრებიც კი არ ჰქონდა. გარდა ამისა, ამ კლინიკებში იყო დავალიანებები, რომლებიც ფონდმა გადაიხადა და ამასთან ერთად, გავეცით კომპენსაციებიც. რაც მთავარია, „საპარტნიორო ფონდის“ მანდატიდან გამომდინარე რაც გვევალებოდა, მოძიებული გვყავდა ინვესტორი, ძალიან მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელიც ვალდებულებას იღებდა, განევითარებინა და მულტიფუნქციური კლინიკები გაეკეთებინა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ბაზაზე. თუმცა, მოგვიანებით შეიცვალა შესაბამისი სამინისტროს მიდგომა და ჩვენ მოგვიწია ინვესტორისთვის უარის თქმა, ხოლო ხსენებული კლინიკები დავუბრუნეთ ჯანდაცვის სამინისტროს“, განაცხადა გიორგი დანელიამ.
0