საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის", ასევე ჩინეთის ინდუსტრიულ-კომერციული ბანკის ICBC (Industrial and Commercial Bank of China)-ს მიწვევით იმყოფება. ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის მხრიდან პეკინში 14-15 მაისს „ერთი სარტყელი, ერთის გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის" ფორუმში საპარტნიორო ფონდის მონაწილეობის მიღების მიზნით დაიგეგმა. რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ინიციატივით იმართება. ფორუმს 110 ქვეყნის ოფიციალური პირი, 28 ქვეყნის სახელმწიფო ლიდერი, 92 ქვეყნის ვიცე-პრემიერი, 60-ზე მეტი საფინანსო ინსტიტუტისა და 92 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია პეკინში დაგეგმილ ვიზიტამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხუპეის პროვინციას ესტუმრა და ამავე პროვინციის ქალაქ იჩანში გამართულ ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის მთავარი ორგანიზატორი უმსხვილესი ჩინური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „Huahe International”-ია, რომლის საპატიო კონსულტანტ-მრჩეველი 2015 წლიდან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძეა. ღონისძიებას ჩაის ინდუსტრიაში არსებული უმსხვილესი კომპანიები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარემ იან გიბსმა. ფორუმის გახსნით ცერემონიალზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეკონომიკური გარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა საპარტნიორო ფონდისა და მისი ჩინელი პარტნიორების მიერ საქართველოში ჩაის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ , რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 500 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ფონდის დელეგაციის წევრებმა ხუპეის პროვინციაში მდინარე იანძის რეგიონში არსებული ჩაის პლანაციები დაათვალიერეს. მოინახულეს Tsaihua Maojian-ის ჩაის საწარმო და ხუპეის პროვინციის მუზეუმი, ასევე გაეცნენ Wufeng-ის ბიზნეს პარკის საქმიანობას და დაესწრნენ Xin Ding Tea -ს წარმოების პროცესს. პროვინციის ხელმძღვანელობის, ქალაქის მერიის და ბიზნეს წრეებთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოში ჩაის წარმოების პოტენციალზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. „ქართული ღვინის ჩინეთში ექსპორტის ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში ფონდის წარმომადგენლები რეგიონში ქართული ღვინის რეალიზაციის შესაძლებლობებით დაინტერესდნენ და შეხვედრები ღვინის სფეროში მომუშავე ადგილობრივ კომპანიებთან გამართეს. საპარტნიორო ფონდის დელეგაციაში ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლები გიორგი დანელია და ცისია ფანჩვიძე შედიან. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთიდან ოფიციალური ვიზიტით სინგაპურს ეწვევა, სადაც შეხვედრებს საფინანსო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან გამართავს.
0