„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს აცხადებს
სს „საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს აცხადებს.
„საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 24 041 861 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოადგენს მხოლოდ შესყიდვის შემთხვევაში გადასახდელ თანხას და არა - იჯარის ან აღნაგობის საფასურს. იჯარის და აღნაგობის წლიური ქირა/საფასურია აუქციონში დაფიქსირებული შესყიდვის ფასის 8%.
აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უკვე დღეიდან შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, აუქციონის განაცხადის ნომერი: 117207RBS72121821, ლოტის ნომერი: 721218, აუქციონის ნომერი: 117207.
დეტალურ ინფორმაციას „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პოტენციური ინვესტორებისთვის მომზადებული აუქციონის პირობები მოიცავს. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156600.00 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში რჩება მიმდებარე მიწის ნაკვეთი - 234425.00 კვ.მ, მისი შემდგომი განვითარების მიზნით, ფონდი მზადაა, ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტები განიხილოს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ტერიტორიას ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „რომანოვების სასახლე“ და 8 ჰა-მდე ისტორიული პარკი, სადაც რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისთანავე იგეგმება მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსის შექმნა.
საჯარო აუქციონი 2021 წლის 2 აგვისტოს, 14:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გაიმართება. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ ახალი მესაკუთრე ან მოიჯარე აუქციონის წესით გამოვლინდება.
შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია, ხოლო მოცემული საჯარო აუქციონი რიგით მესამეა. 2019-2020 წლებში გამოცხადებული აუქციონები ვერ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ „საპარტნიორო ფონდს“ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@fund.ge
0