„საპარტნიორო ფონდს“ იაპონიის ელჩი ეწვია
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იმამურა აკირა მიიღო.
ფონდში გამართულ გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ხანგრძლივი ისტორიული, კულტურული და ბიზნეს ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს. დავით საგანელიძემ და ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ ელჩს „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა, სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული საინვესტიციო პროექტები და ფონდის მანდატი გააცნეს.
საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ აღნიშნა, რომ მისთვის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაა და ამ მხრივ, „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ელჩმა აღნიშნა, რომ იაპონელი ინვესტორების დაინტერესება საქართველოთი სულ უფრო მზარდია. მხარეებმა სოფლის მეურნეობის, წარმოებისა და ენერგეტიკის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.
0