„საპარტნიორო ფონდს“ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს - დავით საგანელიძე „აფბას“ შეხვდა
„საპარტნიორო ფონდის“ დირექტორმა, დავით საგანელიძემ, ფონდის რეორგანიზაციის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (,,აფბა“) ინიციატივით, „აფბასთან“ შეხვედრა გამართა.
საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ფონდის მენეჯმენტი, „აფბას“ პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე, ასოციაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ასევე, ეკონომიკის ანალიტიკოსები და ექსპერტები.
დავით საგანელძემ „საპარტნიორო ფონდის“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და „აფბას“ წარმომადგენლებს ფონდის ფუნქციონირებისა და სტრუქტურის შესახებ საკუთარი ხედვები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, ფონდი დიდი ხანია რეფორმირების მომხრე და ინიციტორია, ახლა ეს საკითხი უკვე საკანონმდებლო ორგანოში დგას დღის წესრიგში, კანონპროექტს კი უახლოეს პერიოდში წარადგენენ.
„ის, რომ ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანის პოზიცია, ხოლო ამ აზრს ფინანსთა სამინისტრო არ იზიარებდა, მიმაჩნია ძალიან ჯანსაღი დუღილის პროცესად. მსჯელობებისა და დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობის შედეგად, მივალთ სწორ გადაწყვეტილებამდე. პირადად მე ვფიქრობ, ფონდს აქვს საიმისო პოტენციალი, რომ საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე წარმატებით წარმართოს მანდატით განსაზღვრული საქმიანობა. მთავარი იქნება ის, თუ რა მანდატი განესაზღვრება ფონდს რეორგანიზაციის შედეგად, რა აქტივების მფლობელი დარჩება, დაუბრუნდება თუ არა სახელმწიფო საწარმოებში ფონდის მიერ ჩადებული სახსრები და ა.შ. ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.
დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ იზიარებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოსაზრებასა და რეკომენდაციას, რომ „საპარტნიორო ფონდი“ უნდა იმართებოდეს სრულიად სუვერენულად და დამოუკიდებლად, ანუ მთავრობის ჩარევის გარეშე.
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გამოთქვა მზადყოფნა, სხვადასხვა ფორმატში განაგრძოს მსჯელობა და ფონდის რეორგანიზაციისა და შესაძლებლობების შესახებ მოსაზრებების გაცვლა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, თუ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
0