დავით საგანელიძემ თბილისს ნერგები აჩუქა
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან 5000- მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი გამწვანების მიზნით თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის" მიმდებარე ტერიტორიაზე შვილებთან ერთად დარგო. გამწვანებულ ზონას „რაჭის ხეივანი" დაერქვა. ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ჰუალინგ ჯგუფის"წარმომადგენლებმა მიიღეს. რაჭის ფიჭვის ნერგები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომღერალ რეზო გელაშვილის სახელობის სკვერშიც დაირგვება. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი უკვე მესამე წელია საკუთარი ეზოდან უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგებს თბილისის შემოგარენში რგავს. ტრადიციას საფუძველი კომპანია „ჰუალინგის" პრეზიდენტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რაჭაში სტუმრობის დროს ჩაეყარა. თბილისის ზღვაზე „ჰუალინგის" მიმდებარე ტერიტორიაზე ათი ათასობით უნიკალური ჯიშის ნერგი უკვე დაირგო. „მაშინ როდესაც იზრდება მანქანების რაოდენობა დედაქალაქში და გამონაბოლქვი საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს, ვფიქრობ თითეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ მწვანე საფარის შენარჩუნებაზე და მის კიდევ უფრო გაფართოვებაზე, რათა ჩვენც და ჩვენმა შვილებმაც ჯანსაღი, სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ," განაცხადა დავით საგანელიძემ. დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ მისი ინიციატივა მიზნად ისახავდა თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ზოგადად თბილისის გარშემო რეკრეაციული ზონის გაფართოვებაში საკუთარი წვლილის შეტანას. თბილისის გამწვანება ქართული ოცნების მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. არჩევნების შემდგომ, თბილისის მერია აქტიურადაა ჩართული დედაქალაქის მასშტაბით გამწვანების აქციებში. თბილისის მერიის გარდა, დედაქალაქის მწვანე საფარის განვითარებაზე ასევე ზრუნავენ საქართველოს საპატრიარქო და სხვადასხვა საჯარო სტრუქტურები, რომლებიც პერიოდულად აწყობენ გამწვანების აქციებს დედაქალაქის მასშტაბით.
0