საპარტნიორო ფონდს OPIC-ის მმართველი დირექტორი ესტუმრა
საპარტნიორო ფონდს აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის -„უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის" (OPIC) მმართველი დირექტორი მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური დარგში ქენეთ ანჯელი ეწვია. საპარტნიორო ფონდში გამართული შეხვედრა აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტთან (OPIC) გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ფორმატში სხვადასხვა პროექტების განხორციელებისთვის მხარეების შესაბამისი რესურსების და შესაძლებლობების გამოყენებას გულისხმობს. საპარტნიორო ფონდი აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტთან, „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან" (OPIC) კონკრეტული პროექტებისა და პირდაპირი კერძო ინვესტიციების რისკების გადაზღვევის ინოვაციურ მეთოდებზე მუშაობს, რაც საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესებისა და აშშ-ის ფინანსურ ბაზრებზე იაფ ფულად რესურსზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა. ამერიკული ინვესტიციების მოზიდვისა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომის გაზრდის მიზნით საპარტნიორო ფონდის დელეგაცია აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის, „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან" (OPIC) მიწვევით ამა წლის სექტემბერში აშშ-ში იმყოფებოდა. საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და ფონდის კონსულტანტმა მირიან გოგიაშვილმა ამერიკის საფინანსო წრეების წარმომადგენლებთან საქმიანი შეხვედრები გამართეს. საპარტნიორო ფონდსა და აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტთან - „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციასთან" (OPIC) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ამა წლის გაზაფხულზე გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში საპარტნიორო ფონდი და OPIC -ი ერთობლივად მოახდენენ სხვადასხვა კომერციულად საინტერესო პროექტების შესწავლას და შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მზად არიან ერთობლივად დააფინანსონ ისინი. მხარეებს სურთ ჩამოაყალიბონ გრძელვადიანი თანამშრომლობის ზოგადი პრინციპები, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროებში პროექტების განხორციელებას. ამ ეტაპზე, ფონდი და აშშ-ის მთავრობის „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" (OPIC) აქტიურად თანამშრომლობენ რამდენიმე პროექტის ფარგლებში, მათ შორისაა სასტუმრო "რედისონ წინანდლის” პროექტი, რომელსაც ფონდი Silk Road Group-თან ერთად ახორციელებს. ამჟამად, მიმდინარეობს სასტუმროს მშენებლობა, რომლის დასრულებაც 2017 წელს იგეგმება.
OPIC-ის შესახებ
„უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია" აშშ–ის მთავრობის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობს. კორპორაცია თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას მსოფლიოს განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევებისაკენ მიმართავს. რადგან OPIC–ი შეერთებული შტატების კერძო სექტორთან მუშაობს, იგი ეხმარება ამერიკულ ბიზნესს გაფართოვდეს განვითარებად ბაზრებზე, რითიც ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობას შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ. OPIC–ი თავისი მისიის განსახორციელებლად ინვესტორებს სთავაზობს ფინანსურ რესურსს, გარანტიებსა და რისკების დაზღვევას, აგრეთვე მხარს უჭერს კერძო საინვესტიციო ფონდებს. OPIC–ი, როგორც აშშ–ის მთავრობის სააგენტო, 1971 წელს დაარსდა და მთლიანად თვითდაფინანსებაზე მუშაობს. OPIC–ის ყველა პროექტი ხორციელდება გარემოსა და სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტების შესაბამისად. OPIC პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, რომლებიც მოიცავს დასაქმებულთა უფლებებსაც. ამ სტანდარტების დაცვით OPIC ესწრაფვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები იმ ქვეყნებში, სადაც თავად მოღვაწეობს. OPIC -ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია 160-ზე მეტ ქვეყანაში. 1971 წლიდან დღემდე OPIC -მა განახორციელა 200 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია. OPIC წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ განვითარების ინსტიტუტს, რომელმაც ინვესტირება განახორციელა საქართველოში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. OPIC-მა საქართველოში დღემდე განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და „ფრანჩაიზის" ქსელების ჩათვლით. დღევანდელი მონაცემებით, OPIC აფინანსებს 20-ზე მეტ მიმდინარე პროექტს ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად ქვეყანაში.
0