„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი საქართველოში იტალიის ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.
გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, ბესიკ ბუგიანიშვილმა იტალიის ელჩს და მის მოადგილეს ფაბიოლა ალბანეზეს რეფორმირებული ფონდის მანდატი, სტრატეგია, ასევე, ინვესტირების პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და ფონდის იტალიურ მხარესთან, მათ შორის, იტალიის ექსპორტის საკრედიტო სააგენტო SACE-სთან მრავალწლიანი თანამშომლობის განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.
„საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ და მისმა მოადგილემ კონსტანტინე ჭანტურიამ ხაზი გაუსვეს ფონდის იტალიის განვითარების ფინანსურ ინსტიტუტებთან და იტალიის ვაჭრობის სააგენტოსთან (ITA) თანამშრომლობის მნიშვნელობას ქართულ-იტალიური ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიმართულებით.
საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ხელი შეუწყოს ფონდის იტალიურ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს.

