„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩინეთში გამართულ გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის მთავარი თემა ღია, უსაფრთხო, თანამშრომლობაზე დაფუძნებული, გლობლური ციფრული ინტელექტის მომავალი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო.
საერთაშორისო ღონისძიება ჩინეთის ისტორიულ ქალაქ ვუჭენში გაიმართა და მას 130-ზე მეტი ქვეყნის მთავრობის, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა „საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, რომელმაც ისაუბრა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლის შესახებ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ეკონომიკაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე.
„საუკუნეების მანძილზე საქართველო იყო ისტორიული „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილი და ასრულებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას, რომელიც დღეს „შუა დერეფნის“ სახით გრძელდება. ამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური არტერიის გაძლიერება წარმოადგენს პირდაპირ ინვესტიციას რეგიონულ სტაბილურობაში. საქართველოს, როგორც შუა დერეფნის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია „ერთი სარტყელი და ერთი გზის ინიციატივის“ ფარგლებშიც. „საქართველოს განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, გახდეს საერთაშორისო კომპანიების სტრატეგიული პარტნიორი და ხელი შეუწყოს მათ შემოსვლას საქართველოს ბაზარზე“, განაცხადა ბესიკ ბუგიანიშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას ფონდის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზაობა, გახდეს გლობალური ციფრული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ცენტრი რეგიონის მასშტაბით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთის კიბერუსაფრთხოების ადმინისტრაციის დირექტორი, ასევე, სახელმწიფო საბჭოს ინფორმაციის ოფისისა და ციფრული განვითარების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები. სამიტის ფარგლებში, გაიმართა „The Light of Internet Expo“, სადაც 670-მა კომპანიამ ინოვაციური AI და ინტერნეტ ტექნოლოგიები წარმოადგინა.
სამიტი, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფორუმია, საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიო ინტერნეტ კონფერენციის“ ორგანიზებით გაიმართა. „საქართველოს განვითარების ფონდი“ 2024 წლიდან ამ ორგანიზაციის წევრია.