CEO OF THE DEVELOPMENT FUND OF GEORGIA GAVE A LECTURE AT THE UNIVERSITY OF HONG KONG

„საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტისთვის ონლაინ ლექცია წაიკითხა თემაზე: „საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი ჩინეთ-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში“.

ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი სტრატეგიული ჰაბის წარმოჩენა, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს. ონლაინ ლექციას ესწრებოდნენ მაგისტრატურის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ჰონგ კონგის კერძო სექტორის წარმომადგენლები, მეწარმეები და პოტენციური ინვესტორები.

ბესიკ ბუგიანიშვილმა აუდიტორიას საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის, ქვეყნის გეო-პოლიტიკური ადგილმდებარეობის მნიშვნელობისა და იმ ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც საქართველო საერთაშორისო ინვესტორებს სთავაზობს. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ისტორიულ როლს აბრეშუმის გზაზე და ქვეყნის როლს „შუა დერეფნის“ სახით, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და ეფექტიან სახმელეთო გზას აზიასა და ევროპას შორის.

ბესიკ ბუგიანიშვილმა ყურადღება გაამახვილა „საქართველოს განვითარების ფონდის“, როგორც ინვესტორებისთვის სანდო პარტნიორის როლზე და დეტალურად ისაუბრა რეფორმირებული ფონდის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებისა და როგორც განხორციელებული, ასევე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებ.

ლექციის დასასრულს, ხაზი გაესვა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების აქტიურ ფაზას და საინვესტიციო შესაძლებლობებს ლოგისტიკის, წარმოების, ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში.

ღონისძიების ორგანიზატორები ჰონგ კონგის ჩუ ჰაის უნივერსიტეტი (Hong Kong Chu Hai College) და „სინო ჯგუფი – ერთი სარტყელი, ერთი გზის კვლევითი ინსტიტუტი“ (Sino Group Belt and Road Research Institute) იყვნენ.